Sunday, July 20, 2014

სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს გამგებლები: სიმონ I-ის სიძე მანუჩარი (ირანული წყაროებით მანუჩარ ხანი), მისი ცოლი ელენე და შვილი ათაბაგი.

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთიერთობა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს გამგებლები:

სიმონ I-ის სიძე მანუჩარი (ირანული წყაროებით მანუჩარ ხანი), მისი ცოლი ელენე და შვილი ათაბაგი. XVIსაუკუნის 80-90-იან წლებში ქართლის მეფე სიმონ I-თან ერთად ოსმალთა ჯარების წინააღმდეგ თავდადებულად იბრძოდა ახალციხის მმართველი მანუჩარი, მისი მამაცი ცოლი ელენე (სიმონ I-ის ქალიშვილი) და შემდეგში მისი შვილი ათაბაგი. ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მხარს უჭერდა სეფიანთა შაჰი მოჰამად ხოდაბანდე და მისი შვილი აბას I. ლალა ფაშას მეთაურობით ოსმალთა ჯარების სამხრეთ საქართველოზე ლაშქრობის დროს (XVI საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს), მანუჩარმა უარი თქვა დამორჩლებოდა ოსმალთა მხედართმთავარს და ქართლში (სიმონთან) წავიდა. მაგრამ ოსმალთა ლაშქარმა ძალით ჩაიგდო ხელში ახალციხის სიმაგრე. 1590 წლის სტამბოლის საზავო ხელშეკრულებით, ოსმალეთმა განამტკიცა უფლებები ამიერკავკასიაში, მაგრამ შაჰ აბას I დამარცხებას არ ურიგდებოდა და პერიოდულად გზავნიდა ახალციხეში ყიზილბაშთა რაზმებს.

მანუჩარის სიკვშილის შემდეგ მისმა ცოლმა ელენე, უარი განაცხადა ეცნო ახალციხეზე ოსმალთა ძალაუფლება და მათ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა. ბოლოს, 1607 წელს, მან დაპყრობილი რაიონებიდან განდევნა ოსმალთა ლაშქარი და ტყვედ ჩაიგდო მათ მეთაური იუსუფ ფაშა. ამ ბრძოლაში მას შაჰ აბასი ეხმარებოდა. იმისათვის, რომ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ ქართველი ქალის უდიდესი გმირობა და სიმამაცე, ქალისა, რომელიც წლების მანძილზე ვაჟკაცურად უძლებდა დიდ განსაცდელს, მოვიტანთ მოკლე ნაწყვეტს ისქანდერ ბეგ მუნშის საისტორიო თხზულებიდან („თახირე ალამარაიე აბასი“). „რუმის (ოსმალეთს) ჯარების მიერ მანუჩარ ხანის სამფლობელოების დაპყრობის შემდეგ, მისი გულადი მეუღლე, სიმონ ხანის ქალიშვილი თავის მცირეწლოვან შვილთან და ნათესავებისა და ხელქვეითების მცირე რიცხვთან ერთად ამ მხარის მთებსა და ტყეებში გამაგრდა 25 წლის მანძილზე, როცა საქართველო რუმის ხელში იმყოფებოდა, იგი ყოველთვის ესწრაფოდა, რათა მისი მხარე, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მიწები თრქებს მისი შვილიშვილისათვის - ათაბაგისათვის დაებრუნებინათ ხარკის გადახდის სანაცვლოდ. თრქებმა მას პატარა ნაჭერი მიწა გამოუყვეს, სადაც იგი გაჭრვებას განიცდიდა.

1607 წელს, აბასის საქართველოში ლაშქრობის დროს, მან შაჰს დახმარება სთხოვა, რათა დაკარგული მიწები დაებრუნებინა. შაჰის ბრძანებით მის დასახმარებლად მოვიდნენ შამსედდინლუსა და ყაზალყიარის ამირები. გულადმა ქალმა თავის მორჩლთა და ყიზილბაშ ამირებთან ერთად გამარჯვება იზეიმა იუსუფ ფაშაზე. ტყვედ ჩაიგდო იგი და მისი 150 თურქი... მან დაიბრუნა ახალციხის მიწების დიდი ნაწილი... ათაბაგი, რომელიც ამ დროს უკვე თექვსმეტი წლისა გახდა, თავის დედასთან ერთად ქალაქში (ახალციხეში მ.ფ.) შევიდა“ (11, გვ. 785).

1068 წელს ოსმალთა ჯარი, რომელმაც მაშველი ძალები მიიღო, ახალ წინამძღოლ მურად ფაშას მეთაურობით საქართველოს შემოესია. მტრის ურიცხვ ჯართან ბრძოლაში მანუჩარის ცოლი დამარცხდა და თავისი შვილითურთ ბიძაშვილთან - ქართლის მეფე ლუარსაბ II-სთან გადავიდა. იქიდან ათაბაგი შაჰის სასახლეში გაგზავნეს.

1622 წელს ოსმალებზე ჰამარჯვების შემდეგ, შაჰ აბასმა თავისი ჯარი ამირგუნე ხან ყაჯარის მეთაურობით ახალციხეზე გაგზავნა. ყიზილბაშთა რაზმებმა ქალაქი დაიკავეს, ხოლო ახალციხის მმართველად შაჰმა სელიმ ხან შამს ედ-დინი დანიშნა (11, გვ. 1007).


1625 წელს ირანიდან დაბრუნებული ათაბაგი შეუერთდა აჯანყებულებს, რომლებსაც გიორგი სააკაძე და თეიმურაზი ედგნენ სათავეში. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ, ათაბაგი სხვა ხელმძღვანელებთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა (11, გვ. 1027-1028).

No comments:

Post a Comment