Sunday, July 20, 2014

სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს გამგებლები: ქაიხოსრო

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთიერთობა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს გამგებლები:
როგორც ცნობილია, ჩვენს მიერ შესწავლილ პერიოდში (XVI-XVII საუკუნეები) სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს მმართველები ძირითადად ბრძოლას წარმართავდნენ ოსმალეთის სულთნების დაპყრობითი პოლიტიკის წინააღმდე. ამასთან ერთად, საქართველოს ცალკეული ხელმძღვანელები მოხერხებულად იყენებდნენ ოსმალეთის იმპერიისა და სეფიანთა ირანის მეტოქეობას საქართველოში თავიანთი ძალაუფლების გაფართოებისათვის და ახერხებდნენ ორანთან ურთერთობის დამყარებასაც. ისინი სარგებლობდნენ სეფიანთა შაჰების მხარდაჭერით ოსმან დამპყრობთა წინააღმდეგ.
მოკლედ შევჩერდებით მათ შესახებ.

ქაიხოსრო. ირანელი ისტორიკოსები იხსენიებენ სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს მმართველთა შეხვედრებს სეფიანთა შაჰ თამაზ I-თან საქართველოში მისი პირველი შემოსევების დროს (XVI საუკუნის 40-იან წლებში). „მაშინ (1540 წ.) - აღნიშნავს ისქანდერ ბეგ მუნში, - ყორყორეს (ყვარყვარეს) ძე ქაიხოსრო, შაჰის ამალაში შევიდა, მასთან ახლო ურთერთობა ჰქონდა და მის მხარდაჭერას ემყარებოდა. მაგრამ ქართლის „ვალი“ (მმართველი) ლუარსაბი, ბაშაჩუყის (სპარსულ წყაროებში იმერეთს „ბაშიაჩუყი“ ეწოდებოდა) „ვალი“ ბაგრატი და სადადიანოს „ვალი“ შაჰს ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ შაჰის მორჩლებაში მყოფ ქაიხოსროს სამფლობელოებს (იგ
ლისხმება სამცხე - მ.ფ.) (11, გვ. 84).


დასავლეთ საქართველოს მმართველობის დაახლოებამ სეფიანთა შაჰთან, შესაძლებლობა მისცა ამ უკანასკნელს ებრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ და საქართველოში თავისი სამფლობელოები გაეფართოებინა. 1551 წელს ქაიხოსროს თხოვნით შაჰ თამაზ I-მა მას გაუგზავნა ყიზილბაშთა ახალი რაზმები, რომლებმაც ოსმალები განდევნეს მათ მიერ დაკავებული ზოგიერთი რაიონიდან. „შაჰმა ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლა და ოსმალები სამცხიდან განდევნა. ამჯერად თურქეთმა ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის გატეხვა და 1555 წლის საზავო ხელშეკრულებით მან სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთი ნაწილი ყიზილბაშების სამფლობელოდ ცნო“ (2, გვ. 289). მაგრამ შემდეგში თურქებმა კვლავ დაიპყრეს ყიზილბაშთა სამფლობელოები სამცხეში. მათ გადააყენეს ქაიხოსრო და იგი თურქი მოხელით შესცვალეს.

No comments:

Post a Comment