მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების
ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი
ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს
და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის
საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას
და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე
განხილულია XVI
– XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების
საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების
შესახებ.
III.
ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთიერთობა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში
სამხრეთ
და დასავლეთ საქართველოს გამგებლები:
არჩილ ვახტანგის
ძე (ირანული წყაროების მიხედვით შაჰნაზარ ხანი). კახეთში გამგებლობის
პერიოდში შაჰნავაზ ხანი (ვახტანგ V)
იბრძოდა საქართველოს მიწების გაერთიანებისათბის, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მეფედ
უნდოდა თავისი შვილი არჩილი დაენიშნა, ამ მიზნით მან რამდენჯერმე გაილაშქრა დასავლეთ
საქართველოზე. 1660 წელს დაამარცხა სამეგრელოს მთავარი ვამიყის და იმერეთის მეფე გიორგის
(თეიმურაზის ძე) ლაშქარი, და დაიპყრო იმერეთის ნაწილი (16, გვ. 296).
1661 წელს იმერეთში მეორე ლაშქრობის დროს შაჰნავაზმა საბოლოოდ დაამარცხა
ვამიყი და განდევნა იგი თავისი სამფლობელოებიდან; დამარცხებული ვამიყი შაჰნავაზის მდევრებმა
მოკლეს (16, გვ. 314).
შაჰნავაზმა სთხოვა აბას II-ს,
რომ არჩლი იმერეთის მეფედ დაენიშნა, მაგრამ ვინაიდან აბას II-ს შაჰნავაზის
გაძლიერებისა ეშინოდა, მან უარი თქვა თხოვნის შესრულებაზე და იმერეთს მეფედ ვამიყის
დისწული შემადავლე დანიშნა. როგორც ზემოთ ითქვა, დასავლეთ საქართველოს საქმეებში ჩარევის
წინააღმდეგ პროტესტი განაცხადა ოსმალეთს სულთანმა. ამიტომ შაჰნავაზი იძულებული გახდა
უარი ეთქვა თავის გეგმებზე, ამასთან ერთად, მან არჩილი სამეგრელოში დატოვა, სადაც იგი
აბას II-ს
ახალ გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდა (16, გვ. 313-314).
1663 წელს, აბას II-ის
მოთხოვნით არჩილი ირანს გაემგზავრა. ამ დროს შაჰი მაზანდარანში ისვენებდა. მან არჩილი
ქალაქ აშრაფში მიიღო. არჩილთან ერთად ირანში ჩავიდა ქართველი თავადებისა და აზნაურების
ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ გივი ბეგ ამილახვარი, ალზიარ ბეგი და სხვები. შაჰმა ისინი
დიდი პატივით მიიღ და მათ თანმხლებად დანიშნა ოფიციალური პირი ამირ ჰამზა ბეგ თალიშელი.
მაზანდარანში ყოფნის დროს ისინი შაჰს ახლდნენ ნადირობებისა და ნადიმების დროს, აბას
II-ის
მოთხოვნით არჩილმა და გივი ბეგმა მუსლიმანობა მიიღეს (16, გვ. 331).
თეირანში (ხარში) დაბრუნებულმა აბას II-მ უხვად დაასაჩუქრა არჩილი და იგი კახეთის მეფედ დანიშნა
(16, გვ. 304), მან არჩილს შაჰნაზარ ხანი დაარქვა და ამილახვართან ერთად საქართველოში
გამოისტუმრა, მათ სპეციალურ თანმხლებად შაჰის მხედართა უფროსი მოჰამად რეზა ბეგ ჩაღათაი
გამოაყოლა (16, გვ. 332). ამავე დროს შაჰმა თეიმურაზთან მისი ახლობლები გაგზავნა ხორასანში
(თეიმურაზი იმავე 1663 წელს გარდაიცვალა).
No comments:
Post a Comment