Sunday, July 13, 2014

ქართლის გამგებლები: ვახტანგ V მუხრან-ბატონი (1658-1675 წწ.)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

ვახტანგ V მუხრან-ბატონი (ირანული წყაროების მიხედვით ნახოდა ბეგი, შაჰნავაზ ხანად წოდებული) (1658-1675 წწ.) „1658 წლიდან ქართლის ტახტი ბაგრატიონთა სამეფო სახლის ერთ-ერთი შტოს - მუხრან-ბატონების დინასტიის ხელში გადავიდა“ (2, გვ. 310).

საქართველოში მმართველად დანიშვნამდე შაჰნავაზი აბას II-თან ახლო მდგომ მოღვაწეთა რიცხვში შედიოდა და მისი ნდობით სარგებლობდა. აბას II-ის მითითებით მას გადაეცა როსტომ ხანის მთელი ქონება, ვახტანგმა ცოლად შეირთო როსტომის ქვრივი (16, გვ. 247). შაჰნავაზის საშინაო პოლიტიკა მიმართული იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისა და ქვეყნის გაერთიანებისაკენ. ამ მიზნით ის იბრძოდა ქართლთან აღოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ქართული სამეფოების შემოსაერთებლად. საგარეო პოლიტიკის დარგში იგი იღებდა ორიენტაციას ირანზე, რომლის დახმარებითაც ცდილობდა თავისი გეგმების განხორციელებას და მოწინააღმდეგეთა განადგურებას.

აბას II შაჰნავაზს იყენებდა საქართველოში ოპოზიციური დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად, შაჰმა 1659 წელს ქართლში გამოგზავნა სპეციალური მისია საფი ყული ხან სათანჯლუს მეთაურობით. 1661 წელს მან აბას II-ის ბრძანებით ზაალ ერისთავი მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილები შაჰის კარზე გაგზავნა, ზაალის უფროსი შვილი ქერმანში გარდაიცვალა (16, გვ. 304).

შაჰნავაზმა დასავლეთ საქართველოზეც გაილაშქრა (1660 და 1661 წწ.). ებრძოდა იმ დროს იმერეთს სამეფოს სათავეში მოქცეულ ვამიყს და ეს მხარეც დაიპყრო, მაგრამ დაპყრობილი მიწების შენარჩუნება ვერ შეძლო ოსმალეთს სულთნის საქმეში ჩარევის გამო. 1662 წელს აბას II-მ წერილობითი პროტესტი მიიღო ერევანში სულთანის ნაცვალ ნაჯაფყული ხანისაგან დასავლეთ საქართველოში გალაშქრების გამო. აბას II შიშობდა, რომ ამ ამბავს ოსმალეთის ჯარების შეტევა მოყვებოდა და ბრძანა, რომ თრქებისათვის გადაეცა მათ მიერ მოთხოვნილი რაიონები (16, გვ. 324).

შაჰნავაზი ქართლში მეფობდა აბას II-ის სიკვდილის შემდეგაც (მისი მემკვიდრის - შაჰ სულეიმანის მმართველობის პირველ წლებში), გარდაიცვალა 1675 წელს. იგი მისმა შვილმა გიორგი XI-მ შეცვალა.


No comments:

Post a Comment