Sunday, July 13, 2014

ქართლის გამგებლები: როსტომ (ირანული წყაროების მიხედვით ხოსრო) დავითს ძე - ბაგრატის ძმა (1632 – 1658 წწ.)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

როსტომ (ირანული წყაროების მიხედვით ხოსრო) დავითს ძე - ბაგრატის ძმა (1632 – 1658 წწ.) ხანგრძლივად ცხოვრობდა ირანში, აღზარდა შაჰ აბას I-თან და მიიღო მუსლიმანური სჯული. ხოსრო ეკუთვნოდა იმ ქართველ დიდებულთა რიგებს, რომლებმაც ყველაზე მაღალ თანამდებობას მიაღწიეს ირანში. იყო სეფიანთა სატახტო ქალაქ ისფაჰანის ქალაქის თავი (დარუღა) (17. გვ. 378). 1625 წელს ის მეთაურობდა ბაღდადში სამშენებლო სამუშაოთა საწარმოებლად. შაჰ აბასის გარდაცვალების დროს (1629 წ.), იგი როგორც ისფაჰანის დარუღა ქალაქში მომხდარი ამბების ზედამხედველის მოვალეობას ასრულებდა. ამავე დროს იგი ცდილობდა შაჰის ტახტზე დაესვა უფლისწული საამ მირზა, რომელსაც შემდგომში შაჰ სეფი ეწოდა (II, გვ. 1057 და 1078).

1632 წელს ქართლ-კახეთის ტახტიდან თეიმურაზის ჩამოგდების შემდეგ, შაჰ სეფიმ ხოსრო დანიშნა ქართლის მეფედ და შეარქვა მას როსტომ ხანი (ძველი ლეგენდარული ირანელი გოლიათს სახელი ფირდოუსის „შაჰნამედან“ - მ. ფ.) (14, გვ. 284).

XVII საუკუნის შუახანებიდან (როსტომ ხანისა და მისი მემკვიდრეების მმართველობის პერიოდში) საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობა ვითარდებოდა ორმხრივი პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე (2, გვ. 305).

ქართველ მეფეთა მისწრაფება ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარებისაკენ დადასტურებულია იმდროინდელი ირანელი და დასავლეთევროპელი ავტორების მიერ. მაგალითად, შაჰ აბას II-ის მემკვიდრის - სულეიმანის გამგებლობის პერიოდში ირანში მყოფი ფრანგი მოგზაური ტავერნიე საქართველოს არ იხსენიებს ირანის ადმინისტრაციულ დანაყოფების შემადგენლობაში, როცა აბას II-ის გამგებლობის დასაწყისს (XVII საუკუნის 40-იანი წლები) ეხება. ტავერნიე ჩამოთვლის ირანის 18 პროვინციას, მათ შორის სომხეთსაც, მაგრამ ამ სიაში საქართველო არ შედის (16, შესავალი, გვ. „ტ“) დიდი ვეზირი ხაზს უსვამს, რომ როსტომ ხანი ცდილობდა დამოუკიდებლად ემართა ქვეყანა (16, გვ. 43).


როსტომ ხანი აბას II-ის დიდი ნდობით სარგებლობდა. ირანიდან წამოსვლისა და საქართველოში მისი მმართველობის პერიოდშიც კი შაჰი ყოველთვის ეთათბირებოდა მას სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტისა და მაღალი რანგის მოხელეების დანიშვნის დროს. მაგალითად, აბას II-ს არაერთხელ მიუმართავს მისთვის პროვინციის მმართველების, მათ შორის 1655 წელს ისფაჰანის პროვინციის მმართველის მადად ბეგის დანიშვნის დროს (16, გვ. 219). როსტომ ხანი ცდილობდა მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა სეფიანთა შაჰებთან. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათ შორის უთანხმოება არ მომხდარა (16, გვ. 14, 43, 286). იგი ებრძოდა თეიმურაზს, მისშვილს დავითს (1642 წ. 1648 წ. და ა. შ.) და სხვა ქართველ მოღვაწეებს. ამასთან ერთად, როსტომ ხანი სეფიანთა შაჰებთან ბრძოლასაც განაგრძობდა. 1642 წელს, იმისათვის რომ თავისი ძალაუფლება დაემყარებინა ქართლში და შეესუსტებინა შაჰის გავლენა საქართველოში, იგი საიდუმლოდ დაუკავშირდა ქართლის დიდ თავადებს - ზაალ და ნუგზარ ერისთავებს, იორამ ამილახვარს. ერისთავმა და ამილახვარმა შაჰის (აბას II) მოსაკლავად კაცი გაგზავნეს, მაგრამ გზაზე ყარაულებმა მათი განზრახვა შეიტყვეს. შაჰის მოსაკლავად გაგზავნილი კაცი გაიქცა (16, გვ. 43).

No comments:

Post a Comment