All About Georgian Landmarks. All About Georgian Culture. All About Georgian People. FInance
Monday, May 26, 2014
არჩილი
არჩილი - სტეფანოზ III-ეს უმცროსი ძე. მურვან ყრუს შემოსევის ჟამს, მამასთან და უფროს ძმა მირთან ერთად, ჯერ ეგრისს გადავიდა, მერე აფხაზეთს. აქ, ანაკოფიასთან გამართულ ბრძოლაში, ძმებმა არაბები დაამარცხეს და უკუაქციეს. არჩილმა ჭრილობისგა გარდაცვლილი მირი მცხეთას გადმოასვენა, ხოლო მამა, სტეფანოზი, ციხე-გოჯიდან - ქუთათისს. თორმეტი წელიწადი (დაახლ. 738-750 წწ.) არჩილი ქუთაისში იჯდა და თავს სრულიად საქართველოს მეფედ თვლიდა. მაგრამ ქართლი მაინც არაბეთის მოხარკე ქვეყანა იყო. არჩილი ქართლს გადავიდა და არაბთაგან აოხრებული ქვეყნის აღდგენას შეუდგა. VIII საუკუნის 60-იან წლებში, არაბთა მორიგი ლაშქრობა მოეწყო საქართველოში. არჩილმა მშვიდობიანი მოლაპარაკებით სცადა ქვეყნის გადარჩენა. არაბთა სარდალმა არჩილი ჯერ ცბიერი ლიქნობით მიიღო, მერე ქრისტიანობის უარყოფა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, ხოლო როცა ამაზე ცივი უარი მიიღო, შეიპყრო და თავი გააგდებინა. არჩილს დარჩა ოთხი ასული (მათ შორის უმცროსი, სილამაზით განთქმული შუშანი) და ორი ძე - იოვანე და ჯუანშერი. არჩილი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი მოხსენიების დღეა 4 ივლისი (ახალი სტილით).
Labels:
ისტორია,
საქართველოს მეფეები
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment