მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების
ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი
ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს
და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის
საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას
და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე
განხილულია XVI
– XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების
საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების
შესახებ.
III.
ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში
ქართლის
გამგებლები:
სიმონ I
(ლუარსაბ I-ის ძე)
ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში მონაწილეობდა ყიზილბაშების წინააღმდეგ ომში. 1560 წელს
თავის მრავალრიცხოვან მომხრეებთან ერთად, ის გორიდან გაეშურა ყიზილბაშებისაგან თბილისის
გასათავისუფლებლად. მის დასახმარებლად მოვიდა კახეთის მეფის ლევანის შვილი გიორგი,
მაგრამ ყიზილბაშთა მრავალრიცხოვან ლაშქართან ომში მარცხი განიცადა და ამ ბრძოლაში დაიღუპა.
სიმონმა თავისი მეომრები მთებში განალაგა. შაჰ თამამა თბილისის უფროსად სიმონის ძმა
დავით დანიშნა. სიმონმა არ სცნო შაჰის ბრძანება. იგი სახალხო აჯანყებას ედგა სათავეში
და ბრძოლას განაგრძობდა. მან სასტიკად დაამარცხა თავისი ძმა დავითი. ყიზილბაშმა მეომრებმა
დავით მიატოვეს და ბრძოლის ველიდან თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ.
შაჰ თამაზმა სიმონის წინააღმდეგ ყიზილბაშთა ახალი ჯარი გაგზავნა ჩერქეზეთის
სულთნის მეთაურობით. რიცხობრივი უპირატესობის მქონე შაჰის ურდოებმა შეძლეს აჯანყებულთა
დამარცხება. სიმონი ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. იგი მიიყვანეს ქალაქ ყავინში,
რომელიც 1598 წლამდე სეფიანთა სახელმწიფოს სატახტო ქალაქი იყო. შაჰ თამაზი ცდილობდა
სიმონისათვის მუსლიმანური სარწმუნოება მიეღებინებინა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო.
გაბრაზებულმა შაჰმა იგი ალამუთის ციხეში ჩაამწყვდია, სადაც შაჰ თამაზის სიცოცხლის დასასრულამდე
(1576 წ.) დარჩა. სიმონი ალამუთის ციხიდან გამოვიდა შაჰ თამაზის მემკვიდრის - ისმაილ
II-ის
დროს, რომელმაც იგი ქართლის მეფედ დანიშნა. სიმონი მონაწილეობდა ისმაილ II-ის შაჰად დასმის
ცერემონიალში, სადაც დამსრეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ადგილი ეკავა.
ისმაილ II-ის
მემკვიდრის მოჰამედ ხოდაბანდეს გამგებლობის პირველ წლებში (1580), ოსმალების ჯარმა
დაამარცხა ყიზილბაშთა რაზმები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ. ოსმალთა მხედართმთავარმა
ლალა ფაშამ სიმონ I თავისთან
მიიწვია. სიმონმა უარი უთხრა მიწვევაზე და სეფიანთა შაჰს დაუკავშირდა. ამასთან ერთად,
მან არაერთხელ შეუტია ოსმალთა რაზმებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადადიოდნენ.
1581 წელს მოჰამედ ხოდაბანდემ შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და სიმონს
სთხოვა, მიეთხოვებინა მისთვის თავისი ქალიშვილი. სიმონმა უარი უთხრა ამ თხოვნაზე. მაშინ
მოჰამედ ხოდაბანდემ სიმონის უარი საბაბად გამოიყენა და საქართველოს დაესხა თავს
(11, გვ. 270). სიმონს ძალა არ ეყო წინააღმდეგობა გაეწია ყიზილბაშთა 20 ათასიანი არმიისათვის,
იძულებული გახდა შაჰის მოთხოვნა შეესრულებინა და თავისი ქალიშვილი შაჰის სასახლეში
გაეგზავნა. ამას გარდა, შაჰის წარმომადგენელ მირზა სალმანის მოთხოვნით მან შაჰის სასახლეში
გაგზავნა თავისი მცირეწლოვანი შვილი ლუარსაბი (შემდეგში ლუარსაბ მეორედ წოდებული) და
ვალდებულება იკისრა ხარკი გადაეხადა.
შაჰ აბას I-ის
გამგებლობის პირველ წლებში (1588), ოსმალეთის ჯარებმა ყიზილბაშები დაამარცხეს და საქართველოს
აღმოსავლეთი რაიონები დაიკავეს. ოსმალთა მეთაურმა ფაჰად ფაშამ სიმონს მასთან თანამშრომლობა
მოსთხოვა. სიმონი იძულებული იყო დათანხმებოდა ფაჰრად ფაშასთან თანამშრომლობას, რომელმაც
იმ დროს ყიზილბაშები დაამარცხა (11, გვ. 406).
1597 წელს სიმონი კლავ ოსმალთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ ოსმალებმა
დაამარცხეს იგი, დაატყვევეს და სტამბოლში გაგზავნეს. ქართლის მეფე სიმონის შვილი გიორგი
გახდა.
No comments:
Post a Comment