Wednesday, July 9, 2014

ქართლის გამგებლები: ლუარსაბ I დავითის ძე (1530 – 1556 წწ.)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

ლუარსაბ I დავითის ძე (1530 – 1556 წწ.) ქართველ მეფეთაგან ერთ პირველთაგანი იყო, რომელმაც შაჰ თამაზ I-ის შემოსევა განიცადა და იძულებული გახდა ურთერთობა დაემყარებინა სეფიანთა სახელმწიფოსთან. საშინაო პოლიტიკის დარგში იგი განაგრძობდა მამის ხაზს, რაც ქვეყნის გაერთიანებისაკენ იყო მიმართულიმ ხოლო მისი საგარეო პოლიტიკა ემყარებოდა ბრძოლას ოსმალო და ყიზილბაში დამპყრობლების წინააღმდეგ, თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითერებისათვის.

ირანელი ავტორების მოწმობით, ლუარსაბი იმ ქართველ მეფეთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც სიმამაცითა და ვაჟკაცობით გამოირჩეოდნენ. მას ბევრი ღირსეული მომხრე ემსახურებოდა დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი იყო მტკიცე, ქედუხრელი, არ ასრულებდა შაჰის ბრძანებას ხარაჯის (გადასახადების) და ხარჯის გადახდის შესახებ. „მიუხედავად შაჰ თამაზის საქართველოზე მრავალგზის ლაშქრობისა, მან ვერ შეძლო გაეტეხა ლუარსაბის წინააღმდეგობა და მოეკლა იგი“ (11, გვ. 88).

მიუხედავად იმისა, რომ ლუარსაბ I გააფთრებით იბრძოდა ყიზილბაშთა მხედრიონის წინააღმდეგ, მან მაინც ვერ შეძლო ქართლის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება. შაჰ თამაზ I-ის საქართველოზე რამდენიმე ლაშქრობისას ბერვი მისი მომხრე მტერს შეაკვდა. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა ოსმალეთის ჯარების საქართველოზე პერიოდული შემოტევებისა და ყიზილბაშებთან მათ მეტოქეობის შედეგად. ყველაფერ ამას ხელს უწყობდა აგრეთვე ზოგიერთი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის სისუსტეც, მათ შორის, თბილისის მოურავის გულბათისა, რომელმაც თბილისი წინააღმდეგობის გაუწევლად ჩააბარა ყიზილბაშებს.

1555 წელს, ამასიის საზავო ხელშეკრულების პირობით, რაც სეფიანთა შაჰ თამაზ I-სა და ოსმალეთის სულთან სულეიმანს შორის დაიდო, აღოსავლეთ საქართველო (მესხეთი, ქართლი და კახეთი) სეფიანთა სამფლობელოებში იქნა შეყვანილი. ლუარსაბი, რომელიც საქართველოს დაყოფის შესახებ ხელშეკრულებას არ დაემორჩილა, ბრძოლას განაგრძობდა ყიზილბაშთა ურდოების წინააღმდეგ. შაჰ თამაზმა ახალი ლაშქარი შემოუსია ქართლის მაშინდელ სატახტო ქალაქ გორს და უამრავი ხალხი გაჟლიტა. ქართლის ქალაქებიდან და სოფლებიდან 30 ათასზე მეტი კაცი წაიყვანეს ტყვედ, დიდგვაროვანთა გოგო-ბიჭები შაჰის სასახლეში გაგზავნეს.

საქართველოზე ყიზილბაშთა ურდოების გამანადგურებელმა ლაშქრობებმა ქართლის მოსახლეობა დამპყრობელთა წინააღმდეგ ააჯანყა. აჯანყებულები ლუარსაბ I-ის მეთაურობით ყიზილბაშების მიერ დაკავებულ რაიონებში შევიდნენ (1556 წ.). ლუარსაბის წინააღმდეგ შაჰმა გაგზავნა ყიზილბაშთა ახალი რაზმები ყარაბაღის მმართველის შაჰვერდის მეთაურობით, რომელიც ყაჯართა ტომს ეკუთვნოდა. იგი ცოტა ხნით ადრე სეფიანთა შაჰმა სასაზღვრო რაიონის დამცველი რაზმის მეთაურად დანიშნა. მაგრამ შაჰვერდი დამარცხდა, ბრძოლის ველზე მრავალი მოკლული და დაჭრილი ყიზილბაში დატოვა და გაიქცა. მამაცმა ქართველმა მეომრებმა, რომლებიც ყიზილბაშებს გამოედევნენ, დიდი ზიანი მიაყენეს მათ (11, გვ. 84-88).


მიუხედავად ლუარსაბის თავდადებული ბრძოლისა, მას არ მოუხერხდა საბოლოოდ გაეთავისუფლებინა სამშობლო, იგი მოულოდნელად დაიღპა ყიზილბაშებთან ბრძოლის დროს 1556 წელს (ლუარსაბის ცხენმა წაიბორძიკა, მეფეს რამდენიმე ყიზილბაში მიესია და მოკლა). ლუარსაბ I ტახტზე მისმა შვილმა სიმონმა შესცვალა.

No comments:

Post a Comment