მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების
ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი
ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს
და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის
საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას
და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე
განხილულია XVI
– XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების
საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების
შესახებ.
III.
ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში
კახეთის
გამგებლები:
ისა ხან გიორგის
ძე ჯერ კიდევ ბავშვობის დროს, მისმა ბაბუამ ალექსანდრემ
შაჰის კარზე გაგზავნა, სადაც 1614 წლამდე დაჰყო. მისი ბიძაშვილის - თეიმურაზის კახეთიდან
წასვლის შემდეგ შაჰ აბასმა იგი კახეთის მეფედ დასვა. ირანელი ისტორიკოსების მტკიცებით,
მისი გამეფების ცერემონია ქართული წეს-ჩვეულებების შესაბამისად მოხდა. ყიზილბაშმა ამირებმა
მას ძვირფასი საჩუქრები მიართვეს. „ თეიმურაზ ხანის დასავლეთ საქართველოში წასვლის
შემდეგ, - აღნიშნავს ისქანდერ ბეგი მუნში, - მისი მამულები შაჰმა ისა ხან მირზას (
გიორგის ძეს) გადასცა“. იგი იყო ალექსანდრეს შვილიშვილი და თეიმურაზ ხანის ბიძაშვილი.
ბავშვობაში ისა ხანი შაჰთან ცხოვრობდა და იზრდებოდა. აქვე გამუსლიმანდა. ისა ხანის
თანაშემწედ დაინიშნა სახელგანთქმული ქართველი აზნაური დაუდ ბეგი (ჯანდიერი - მ. ფ.).
ისა ხანი, - განაგრძობს ისქანდერ ბეგი, - ტახტზე იქნა აყვანილი ქართული
ტრადიციების შესაბამისად. შაჰმა იგი ძვირფასეულობით დაასაჩუქრა, ხოლო ყიზილბაშთა ამირებმა
ქართველებთან თანხმობის ნიშნად მას მოუტანეს წითელი და თეთრი მონეტები, რომლებიც ოქროს
და ვერცხლის სინებზე ელაგა (11, გვ. 873).
იმის გამო, რომ ისა ხანი ხანგრძლივად იმყოფებოდა ყიზილბაშთა შორის და მიღებული
ჰქონდა მუსლიმანური სარწმუნოება, მან ვერ შეძლო საქართველოში ხელისუფლების სათავეში
დარჩენილიყო. მან სცადა დაენერგა ყიზილბაშური წესები, უგულებელყოფდა ქართულ წეს-ჩვეულებებს,
დამამცირებლად ეკიდებოდა პატრიარქებს, პატივს არ სცემდა ჯვარს (11, გვ. 878). ყოველივე
ეს იწვევდა მოსახლეობის ძლიერ უკმაყოფილებას, რაც მალე აჯანყებაში გადაიზარდა. მას
ძალა არ შესწევდა ხალხის წინააღმდეგობისათვის გაეძლო და კახეთიდან არდებილში გაიქცა.
1616 წელს, საქართველოში გამოლაშქრებამდე. შაჰ აბასმა ისა ხანი დემავენდში
დაასახლა, სადაც მან მრავალი წელი დაჰყო (11, გვ. 897).
No comments:
Post a Comment