მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების
ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი
ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს
და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის
საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას
და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე
განხილულია XVI
– XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების
საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების
შესახებ.
III.
ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში
კახეთის
გამგებლები:
თეიმურაზ პირველს
(ირანული წყაროების მიხედვით თაჰმურას ალექსანდრეს ძე დაუდ-ხანის შვილი) მრავალის წლის
მანძილზე (1606 – 1663 წწ.) ურთერთობა ჰქონდა რამდენიმე სეფიან შაჰთან (აბას I, შაჰ სეფი, აბას
II), არაერთხელ
უბრძოლია ოსმალებისა და ყიზილბაშთა ლაშქრის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, მას ნათესაური
კავშირი ჰქონდა შაჰ აბას I-თან
(ის იყო შაჰის ცოლის ძმა), დიდი თანამდებობები ეკავა საქართველოსა და ირანში. თეიმურაზი
შაჰ აბასმა კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ დანიშნა კახეთის მეფედ. იგი 1606 წელს წამოვიდა
საქართველოში.
ჯერ კიდევ კახეთში ხელისუფლების სათავეში მოსვლამდეთავისი ბაბუის - ალექსანდრეს
გადაწყვეტილებით თეიმურაზი მამამისმა დაუდხანმა (დავით) შაჰის კარზე გაგზავნა. თავის
ბაბუასა და ბიძასთან (კონსტანტინესთან) ერთად მან შაჰ აბას I გააცილა თავრიზში
ოსმალთა ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად (1603 წელს). ირანელი ავტორები იხსენიებენ მის
პირველ ჩასვლას ირანში, თავისი დის მართას შაჰ აბასთან შეუღლებასთან დაკავშირებით.
მაგალითად „აბასის“ ისტორიაში, რომელიც ჯემალ მუნაჯემს ეკუთვნის, აღნიშნულია: „24 რაბი
ოლ-ავვალს (მთვარის წლის მესამე თვე - მ. ფ.), თეიმურაზ ხანი, დაუდის ძე, რომელიც დავა
მირზას ლაყაბით (ფსევდონიმით) არის ცნობილი, ირანში მოვიდა თავის ძმა პატრიარქ პრუასთან
(სტილი დაცულია - მ. ფ.), დედასთან და დასთან ერთად, მეორე დღეს ქორწინება მოხდა“
(12, გვ. 14). მისი ბაბუის საქართველოში, ხოლო ბიძის შირვანში გამგზავრების შემდეგ
ის ირანში იმყოფებოდა 1606 წლამდე.
იმ დროს კონსტანტინეს წინააღმდეგ აღოსავლეთ საქართველოში დაწყებულმა აჯანყებამ
და კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის ახალი კავშირის დამყარებამ აიძულა შაჰი დროებით
დათმობაზე წასულიყო და 1606 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაენიშნა ქრისტიანი მეფეები:
თეიმურაზ პირველი კახეთში, ხოლო ლუარსაბ მეორე ქართლში (2, გვ. 296).
შაჰ აბასის მითითებით კახეთში თეიმურაზის მეფედ კურთხევა მოხდა ქრისტიანული
წესით, რომელსაც თვითონ შაჰი ესწრებოდა. „შაჰ აბას ქაბირის“ („შაჰ აბას დიდი“) ისტორიაში
ეს ამბავი შემდეგი სიტყვებით არის მოხსენებული: „აბასაბადიდან მოსვლის შემდეგ შაჰ აბასი
პირდაპირ წავიდა საქართველოში, სადაც თეიმურაზ ხანი მეფედ დანიშნა, შაჰი დათანხმდა,
რომ მეფედ კურთხევის ცერემონია ქრისტიანული წესით ჩატარებულიყო და იგი თვითონ დაესწრო
მას. თეიმურაზ ხანი, - განაგრძობს ავტორი, - იყო პირველი კაცი, რომელმაც შაჰისაგან
მიიღო დიდძალი საჩუქრები, რასაც საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“ (15, გვ.
235).
ამავე დროს შაჰ აბასი (1606 წ.) იბრძოდა შემახიის გამგებლის წინააღმდეგ,
რომელშიც თეიმურაზსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ, რადგანაც თეიმურაზს არ სურდა
შემახიაში თავისი ჯარის შეყვანა, მან თავისი დედა გაგზავნა რამდენიმე სამხედრო რაზმის
(სულ ათასი კაცი) თანხლებით, შემდეგში კი დროდადრო ამყარებდა კავშირს შაჰ აბასთან.
1610 წელს იგი ქართლის მეფე ლუარსაბ მეორესთან ერთად შაჰს ახლდა ოსმალეთის იმპერიის
წინააღმდეგ ომში ქალაქ თავრიზში. მაგრამ შაჰ აბასის „მეგობრული“ განწყობილება თეიმურაზისადმი
დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე შაჰ აბასმა თეიმურაზს მოსთხოვა (ჰარემში) ქართველი ქალიშვილები
და საკუთარი ცოლიც გაეგზავნა. თეიმურაზმა უარი განაცხადა შეესრულებინა ეს მოთხოვნები.
შაჰ აბასმა ეს საბაბად გამოიყენა საქართველოზე ახალი ლაშქრობის მოწყობისათვის. იტალიელი
მოგზაური პიეტრო დელლა ვალე, რომელიც ამ ამბის შემდეგ ირანში იმყოფებოდა, ამის თაობაზე
წერდა: „შაჰ აბასმა ომი დაიწყო თეიმურაზის წინააღმდეგ და გააძევა იგი თავისი სამშობლოდან
მეორე მეუღლის გამო. თეიმურაზის პირველი ცოლი იყო ქართველი თავადის ლუარსაბ ხანის
(იგულისხმება ლუარსაბ II
- მ. ფ.) და. ამ თავადის მეორე და ამას წინათ დაქორწინდა შაჰთან. ახლა იგი მისი საყვარელი
ცოლების რიცხვში შედის.
თეიმურაზ ხანმა გამბედაობა გამოიჩინა, - განაგრძობს ავტორი, - შედეგად
სამშობლო დაჰკარგა... შაჰ აბასმა საქართველო ნანგრევებად აქცია... ყველაფერი ეს საქართველოს
დაპყრობის საბაბად იქნა გამოყენებული“. (პიეტრო დელლა ვალეს საგზაო შენიშვნები, ტ.
III,
გვ. 353-356) (12, გვ. 221).
ზოგიერთი ირანელი ავტორი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად თეიმურაზი დათანხმდა
შეესრულებინა შაჰ-აბასის მოთხოვნები, მაგრამ შემდეგში მას უარი უთქვამს, ვინაიდან ამ
მოთხოვნებმა ქართველი ხალხის აჯანყება გამოიწვია. „თარიხე აბასის“ („აბასის ისტორია“)
ხელნაწერ ეგზემპლარში ვკითხულობთ: „შაჰმა შეიტყო იმის შესახებ, რომ მესხი მოურავები
კახელი ნავარების ჯგუფებთან ერთად გაეშურნენ, რათა თეიმურაზ ხანი მოეკლათ. ამ დროს
თეიმურაზის დედა ქეთევანმა გზა გადაუღობა მათ და ჰკითხა: „რაში ედება ბრალი ჩემს შვილს?“
ხალხმა უპასუხა: „როდემდე უნდა გვართმევდეს იგი ჩვენ გოგო-ბიჭებს!“ როცა ეს გაიგო,
- განაგრძობს ავტორი, - თეიმურაზ ხანი გაიქცა... შემდეგ ხალხს კაცი გაუგზავნა და შეევედრა:
„გეფიცებით, რომ ამის შემდეგ თქვენი თანხმობის გარეშე არავის არ გაუგზავნით გოგო-ბიჭებს.
მე თქვენი მეგობარი დავრჩები“ („თარიხე აბასის“ ხელნაწერი), (12, გვ. 215 – 216).
ირანულ წყაროებში შაჰ აბასის საქართველოზე თავდასხმა სხვადასხვა მიზეზით
არის ახსნილი. მაგალითად, „ალამ არაიე აბასის“ ისტორიაში ამის თაობაზე წერია: „1613
წელს შაჰ აბასის, მაზანდარანში სანადიროდ წასვლის დროს, მან ქართველს მეფეებს თეიმურაზსა
და ლუარსაბს სთხოვა თან ხლებოდნენ მას ნადირობაზე. მაგრამ მათ არ შეასრულეს ეს თხოვნა.
შაჰ აბასი გაბრაზდა და თავრიზის მმართველ ფირ ბუდაღ ხანს, ყარაბაღის ამირ დელუ მუჰამედ
შამს-ედ-დინს და შირვანის ბეგლარბეგ იუსუფ ხანს უბრძანა გარს შემორტყმოდნენ და დაეპყროთ
კახეთი. თეიმურაზმა შაჰის სასახლეში გაგზავნა თავისი დედა და ორი შვილი აზნაურებისა
და პატრიარქების თანხლებით. მაგრამ მალე ბაგრატ მირზას (ქართლის გამგებელ ლუარსაბის
ბიძაშვილი) მისამართით გაგზავნილ წეილში მან (თეიმურაზმა) შაჰის წინააღმდეგ გამოსვლა
სთხოვა. წერილი ბაგრატმა აბასს გაუგზავნა. განრისხებულმა შაჰმა გადაწყვიტა საქართველოს
დალაშქვრა. (11, გვ. 868-870).
თანამედროვე ირანელი ისტორიკოსი აბას ეყბალი ვარაუდობს, რომ თავიდან შაჰ
აბასი ცდილობდა გაეტეხა თეიმურაზი, მიეღო მისი თანხმობა, მაგრამ, ვინაიდან შედეგს ვერ
მიაღწია, ის თავდასხმისათვის მოემზადა. „1021 წელს ჰიჯრით, - წერს ა. ეყბალი - შაჰ
აბასს აცნობს, რომ თეიმურაზ ხანმა თავის ხელქვეითებთან ერთად საქართველოდან ყარაბაღის
მართველზე გაილაშქრა. შაჰი გავიდა ისფაჰანიდან წლის ბოლოს და საქართველოში მივიდა.
თავდაპირველად იგი თეიმურაზის თავის მხარეზე გადაბირებას ცდილობდა და ამ მიზნით მას
თავაზიანად მოეკიდა, მაგრამ შაჰის მცდელობას შედეგი არ მოჰყვა. თეიმურაზი თურქეთის
სულთანს ეახლა (14, გვ. 271).
ირანელი და აგრეთვე ზოგიერთი დასავლეთ-ევროპელი ავტორების აზრის საწინააღმდეგოდ,
შაჰ აბასის საქართველოზე გალაშქრების მთავარი მოტივი სუბიექტურ მიზეზებში არ უნდა ვეძებოთ.
შაჰ აბასის მტრულ დამოკიდებულებას საქართველოსთან საფუძვლას ედო უპირველეს ყოვლისა,
ირანის სამხედრო-პოლიტიკური გეგმები, რომლებიც მიმართული იყო მის მფლობელობაში არსებული
მიწების გაფართოებასა და ახალი მხარეების დაპყრობისაკენ.ეს, პირველ რიგში, ეხებოდა
ეკონომიკურად და გეოგრაფიულად მნიშვნელოვან კავკასიის ქვეყნებს. სწორედ ამიტომ შაჰ
აბასი მუდამ ცდილობდა დაესწრო თავისი მეტოქეებისათვის - ოსმალეთს სულთნებისა და აგრეთვე
რუსეთის მეფისათვის, რომელმაც ამ დროს განამტკიცა „თავისი შინაპოლიტიკური მდგომარეობა“
(2, გვ. 296) და კავკასიაში თავისი გავლენის სფეროების გაფართოებას შეუდგა.
თეიმურაზის აღმოსავლეთ საქართველოდან წასვლის შემდეგ, შაჰ აბასმა კახეთის
მეფედ აკურთხა მისი ბიძაშვილი (გიორგის ძე, ალექსანდრეს შვილიშვილი) ისა ხანი. მას
კახეთში რწმუნებული(ვექილი) დაუდ ბეგი ახლდა. ისა ხანი დიდხანს ცხოვრობდა შაჰის კარზე
და მიღებული ჰქონდა მუსლიმანური სარწმუნოება. იგი არ იცავდა ქართულ ტრადიციებს ქვეყნის
მართვა-გამგეობის საქმეში, რამაც მოსახლეობის ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია და მალე
მის წინააღმდეგ სახალხო აჯანყება მოხდა.
1615 წელს კახეთში დაბრუნებული თეიმურაზი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. მას
შეუერთდნენ მისი თანამოაზრენი ქართლიდან და შირვანიდან, აგრეთვე ისა ხანის თანაშემწე,
რწმუნებული დაუდ ბეგი.
აჯანყებულებმა თეიმურაზის მეთაურობით გაანადგურეს ყიზილბაშების 15 ათასიანი
ლაშქარი, რომელსაც ალი ყული ხანი მეთაურობდა. შაჰის ჯარი იძულებული იყო საქართველო
დაეტოვებინა და განჯაში გაქცეულიყო. აჯანყებამ საქართველოს მთელი აღმოსავლეთ რეგიონები
მოიცვა და დიდი საშიშროება შეუქმნა ამიერკავკასიაში ყიზილბაშურ ხელისუფლებას (11, გვ.
888).
იმისათვის, რათა საერთო წარმოდგენა შეგვექმნას აჯანყების მსვლელობაზე მოგვაქვს
ნაწყვეტი „ალამ არაიე აბასის“ ისტორიიდან: „როცა ქვეყანაში გავრცელდა ცნობა რუმის
(ოსმალეთის) ჯარის შემოტევების შესახებ, აჯანყდა ურჩი ხალხი ყველა მხარისა და გვარის.
საქართველოში აჯანყდა დაუდ ბეგი, რომელიც ისა-ხანის ვექილის თანამდებობას ასრულებდა.
იყო ქრისტიანული დღესასწაულის დღე, ქართველები ალავერდის ეკლესიაში შეკრებილიყვნენ,
რათა თავისი ტრადიციის თანახმად ლოცვა შეესრულებინათ.
ციხის მცველებმა უყურადღებობა გამოიჩინეს და ეკლესიაში მრავალი ქართველი
შეუშვეს.
სადღესასწაულო წეს-ჩვეულებათა აღსრულების შემდეგ ქართველები აჯანყდნენ.
აჯანყება თეიმურაზის, დაუდ ბეგისა და თამაზ ბეგის მომხრე მცხეთელი აზნაურების წაქეზებით
დაიწყო. ქართველებმა მრავალი ყიზილბაში გაწყვიტეს. დაუდ ბეგმა მაცნე გაუგზავნა თეიმურაზს
და სთხოვა მას ლახეთში მოსულიყო...
უწესრიგობა შირვანის მხარესაც მოედო, - განაგრძობს ავტორი, - იქაც ამბოხება
დაიწყო. დალუ მალექმა კაცი თეიმურაზთან გაგზავნა და თავისი ერთგულება გამოუცხადა“
(11, გვ. 888).
როცა ყიზილბაშთა ლაშქრის დამარცხების ამბავი შეიტყო, შაჰ აბასმა სასწრაფოდ
გაგზავნა საქართველოში დიდი მაშველი ჯარი. თეიმურაზი იძულებული იყო კახეთი დაეტოვებინა
და დასავლეთ საქართველოში წასულიყო. მას არაერთხელ გადაუღბეს გზა ყიზილბაშებმა, მაგრამ
თეიმურაზმა დაამარცხა მათი რაზმები (11, გვ. 891 და 899). ამასთან ერთად, (1615 წელი)
თეიმურაზმა იმერეთის მეფე გიორგისთან, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს თავადებთან ერთად
შეძლო გაეგზავნა რუსეთში ელჩი და დახმარება ეთხოვა რუსეთის მეფისათვის (2, გვ.
299).
განრისხებული შაჰ აბასი სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს, ოცი დღს განმავლობაში
მან გაანადგურა 70 ათასი, და დაატყვევა 130 ათასი კაცი, დაიპყრო მთელი კახეთი და ქართლი.
1616 წლის შუა ხანებში იგი თბილისში შევიდა. ყიზილბაშთა ლაშქარი უმოწყალოდ ძარცვავდა
დაპყრობილ ადგილებს. ამის შემდეგ შაჰი გაემართა გოგჩის მხარეს, საიდანაც უტევდა ოსმალეთის
ლაშქარი მთავარ ვეზირ სულთან აჰმედ ხან მოჰამედ ფაშას მეთაურობით (14, გვ. 271). შაჰს
მიეჩქარებოდა აგრეთვე განჯაში, სადაც მოსახლეობა აჯანყდა ყიზილბაში მმართველის მოჰამედ
ხან ზიად ოღლის მეთაურობით (11, გვ. 912).
1617 წელს შაჰი შეუდგა ქართველი მოსახლეობის მასობრივ გადასახლებას მაზანდარანში
(ფარაჰ აბადი). ამ პერიოდში კახეთის მმართველად შაჰმა დანიშნა ყაჯართა ტომის წარმომადგენელი,
ყიზილბაში ფეიქარ ხან იგირმი დორთი, ხოლო 1619 წელს იგი შეცვალა ქართლის ყოფილი მეფის
ლუარსაბის მცირეწლოვანმა შვილიშვილმა ბაგრატმა.
შაჰ აბასის მიერ გატარებულმა მკაცრმა რეპრესიულმა ზომებმა, ხოცვა-ჟლეტამ
და გადასახლებებმა ვერ შეძლო გაეტეხა ქართველი ხალხის წინააღმდეგობა. 1625 წელს თეიმურაზი
გიორგი სააკაძესთან და სამცხის ათაბაგთან (მანუჩარის შვილთან) ერთად სათავეში ჩაუდგა
20 ათასიან ლაშქარს და მოაწყო საერთო ფრონტი შაჰ აბასის წინააღმდეგ. აჯანყებულებმა
გატეხეს ერაყიდან, აზერბაიჯანიდან და შირვანიდან მოსული ყიზილბაშთა ჯარების წინააღმდეგობა,
უკუაქციეს ისინი, მაგრამ ყიზილბაშთა რაზმები, რომლებსაც ახალი მაშველი ჯარები შეუერთდნენ,
შეტევაზე გადავიდნენ. აჯანყებულებმა უკან დაიხიეს, რადგან მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობას
ვერ გაუწევდნენ შაჰის მრავალრიცხოვან ჯარს (II,
გვ. 1028).
ასეთმა ვითარებამ აიძულა თეიმურაზი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეები შემოევლო,
ლაშქარი შეეკრიბა და ახალი აჯანყებისათვის მომზადებულიყო, მაგრამ 1626 წელს, გიორგი
სააკაძესთან უთანხმოების შემდეგ (გიორგი სააკაძე თურქეთში წავიდა), იგი დაუკავშირდა
ამ დროს თბილისში მცხოვრებ ცნობილ ირანელ სეფაჰსალარ ალაჰვერდი ხანის (წარმოშობით ქართველის)
შვილს დაუდ ხანს, და მისი დახმარებით ურთიერთობა დაამყარა შაჰ აბასთან (II, გვ. 1062). შაჰ
აბასმა, რომელიც ოსმალეთის წინააღმდეგ ახალი ომისათვის ემზადებოდა და საქართველოში
აჯანყების გაფართოების ეშინოდა, გულთბილად მიიღო თეიმურაზი და კვლავ დანიშნა იგი საქართველოს
მმართველად. თეიმურაზთან დაზავებამ შესაძლებლობა მისცა შაჰს მთელი თავისი ძალები ოსმალეთის
წინააღმდეგ საბრძოლველად წარემართა. ამასთან ერთად, იქმნებოდა ახალი შესაძლებლობა წაეჩხუბებინა
მეფე გიორგი სააკაძესთან. 1626 წელს შაჰ აბასმა თეიმურაზ I ცნო ქართლის მეფედ
(2, გვ. 304).
თეიმურაზი მაინც განაგრძობდა ბრძოლას სეფიანთა შაჰების - შაჰ აბასის მემკვიდრეების
- შვილიშვილის შაჰ სეფის (1629 – 1642 წწ.) და მისი შვილის აბას II-ის წინააღმდეგ.
შაჰ სეფის გამგებლობის დასაწყისში მან იმერეთის ლაშქრით განჯას შეუტია. ამავე დროს
კვლავ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და დახმარება სთხოვა რუსეთის მეფეს
(2, გვ. 304).
1632 წელს შაჰ სეფიმ შეიტყო, რომ თეიმურაზი კვლავ აჯანყდა ყარაბაღის მმართველ
(1627 წლიდან) ალაჰვერდი ხანის შვილთან - დაუდ ხანთან ერთად. შაჰმა საქართველოში გაგზავნა
ყიზილბაშთა ლაშქარი ქართველი უფლისწულის როსტომ დავითს ძის (ხოსროვ ხანი) მეთაურობით,
თვითონ კი უკან გაჰყვა. ამ ბრძოლაში თეიმურაზი დამარცხდა. შაჰმა ყიზილბაში სელიმი კახეთის,
როსტომი კი ქართლის მმართველად დანიშნა (1633 წ.).
სეფი მკაცრი და სისხლისმსმელი ადამიანი იყო. მცირედი ეჭვით ის კლავდა ღირსეულ
სახელმწიფო მოღვაწეებს და თვით უახლოეს ნათესავებს. მისი ხელით იყო მოკლული ცნობილი
მხედართმთავარი აჰლავერდი ხანის შვილი იმამ ყული ხანი, რომელსაც ბრალად ედებოდა თავის
ძმა - დაუდ ხანთან ერთად შეთქმულების მოწყობა და თეიმურაზისათვის დახმარების გაწევა
სეფიანთა შაჰის წინააღმდეგ ბრძოლაში (16, შესავალი გვ. დ).
1636 წელს თეიმურაზი კვლავ გამეფდა. მისი საქმიანობა ძირითადად მიმართული
იყო აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლ-კახეთის) გაერთიანებისაკენ. ამ მიზნით იგი ხანგრძლივად
ებრძოდა ქართლში შაჰის ნაცვალს როსტომ ხანს. ამასთან ერთად, იგი კვლავ დაუკავშირდა
რუსეთის მეფეს და დახმარება სთხოვა მას. მაგრამ 1639 წელს ირანმა და ოსმალეთმა ყასრე
შირინის საზავო ხელშეკრულება დადო, რომლის საფუძველზე კვლავ აღადგინეს სტამბოლის
1612 წლის საზავო ხელშეკრულების პირობები საქართველოს ურთიერთშორის დანაწილების შესახებ,
ყასრე-შირინის ხელშეკრულების თანახმად აღმოსავლეთ საქართველო ირანის მფლობელობაში შევიდა.
აბას II-მ
(1642 – 1666 წწ.) თავისი მმართველობის დასაწყისში წერილი გაუგზავნა თეიმურაზს და მოსთხოვა
მხარი დაეჭირა ქართლის მმართველ როსტომ ხანისათვის. თეიმურაზმა, რომელიც შაჰის მოთხოვნას
არ ეთანხმებოდა, საიდუმლო კავშირი დაამყარა ქართველ თავადებთან - ზაალ და ნუგზარ ერისთავებთან,
იოთამ ამილახვართან და სხვებთან, რათა განეგრძოთ ბრძოლა სეფიანთა შაჰის წინააღმდეგ.
როცა ეს ამბავი შეიტყო, აბას II-მ
საქართველოში გაგზავნა დიდი შენაერთები სხვადასხვა მხრიდან: აზერბაიჯანიდან, შირვანიდან,
ყარაბაღიდან, ერევნიდან. შაჰის ჯარები კახეთში შევიდნენ, თეიმურაზი მტრის რიცხობრივად
ჭარბი ძალების წინაშე იძულებული გახდა უკუქცეულიყო (16, გვ. 43-45).
თეიმურაზის ბრძოლა შაჰის ნაცვალ როსტომ ხანის წინააღმდეგ მომდევნო წლებშიც
გაგრძელდა. 1647 წელს მან აბას II-ის
წინააღმდეგ განაახლა ომი, რომელშიც მისი შვილი დავითი მონაწილეობდა. ირანელი ისტორიკოსების
მტკიცებით „დავით გამოირჩეოდა თავისი გაბედულობით და სიმამაცით ის თეიმურაზისა და კახეთის
მოსახლეობის მთავარ ბურჯს წარმოადგენდა“ (16, გვ. 95). მაგრამ თეიმურაზმა ამჯერადაც
მარცხი განიცადა - დავითი ბრძოლაში დაიღუპა, 1648 წელს როსტომ ხანი კახეთში შეიჭრა.
თეიმურაზი შვილიშვილებთან ერთად იმერეთში გადავიდა თავის სიძესთან - იმერეთის მეფე
ალექსანდრე III-თან.
მიუხედავად ყველა მცდელობისა, შაჰმა კახეთის დამორჩილება ვერ შეძლო. მის
წინააღმდეგ აღსდგა საქართველოს სხვადასხვა კუთხის, მათ შორის არაგვის ხეობისა და ხევსურეთის
მცხოვრებლები. აჯანყების ჩახშობის მიზნით, აბას II შეუდგა მკაცრი ზომების გატარებას - კახეთში ასახლებდა
მომთაბარე თურქმენულ ტომებს, როსტომ ხანი დანიშნა კახეთის გამგებლად და სხვა. აბას
II-ის ღონისძიებებმა
დიდად აღაშფოთა მოსახლეობა, რომელიც კვლავ აჯანყდა მის წინააღმდეგ. ამასობაში თეიმურაზმა
თავისი შვილიშვილი ერეკლე გაგზავნა რუსეთში და მალე თვითონაც იქ გაემგზავრა, მაგრამ
მაშინდელი საგარეო პოლიტიკური ვითარების გამო, რუსეთმა ვერ შეძლო არსებითი დახმარება
გაეწია თეიმურაზისათვის, მიუხედავად იმისა, ამ დროს ფართოვდებოდა ეკონომიკური ურთერთობა
ირანსა და რუსეთს შორის. „ასე მაგალითად, შემახიაში რუს ვაჭრებს ჰქონდათ „შემახიის“
ქარვასლა, სადაც ისინი მუდმივად ვაჭრობდნენ კალით, სპილენძით, ტყავით და სიამურის ბეწვით“
99, გვ. 186). რუსეთმა რამდენიმე სასაზღვრო ციხე ააშენა დაღესტანში. მაგრამ აბას II-ის მითითებით
ციხეები დაანგრიეს დაღესტნის, დერბენდისა და სხვა მმართველებმა (16, გვ. 160).
ყიზილბაშთა ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა თეიმურაზის მეორე შვილიშვილიც, რომელიც
ამ დროს იმერეთში ცხოვრობდა ალექსანდრეს მფარველობის ქვეშ. 1658 წელს იგი გმირულად
დაიღუპა ყიზილბაშთა რაზმების მოულოდნელი თავდასხმის დროს (16, გვ. 246-249).
1660 წელს თეიმურაზი რუსეთიდან იმერეთში დაბრუნდა. ამ დროს ქართლში შაჰის
ნაცვალი შაჰნავაზ ხანი (ვახტანგ V)
იყო. მან შეცვალა 1658 წელს გარდაცვლილი როსტომ ხანი. შაჰნავაზმა თეიმურაზი ქართლში
გაგზავნა და ამის შესახებ შაჰ აბას II-ს
მოახსენა. აბასი გარეგნულადაც ცდილობდა თეიმურაზთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა.
მან იგი ისფაჰანში მიიწვია, 1662 წელს თეიმურაზი ქართველი თავადებისა და აზნაურების
ჯგუფთან ერთად (რომელშიც გივი ამილახვარი და სხვები შედიოდნენ), შაჰის სასახლეში გაემგზავრა.
შაჰმა თეიმურაზი და მისი თანმხლებნი საზეიმო ვითარებაში მიიღო. ჯერ კიდევ საზღვარზე
გადასვლის დროს, შაჰის ბრძანებით მას შეხვდნენ ადგილობრივი მმართველები და ყიზილბაში
დიდგვაროვანნი, დედაქალაქში შესვლისას კი მის შესახვედრად გამოვიდნენ სასახლის მაღალი
თანამდებობის პირები და თვით მთავარი ვეზირი. მთელი გზა ქალაქის ჭიშკრიდან ისფაჰანში
მისთვის განკუთვნილ რეზიდენციამდე ძვირფასი ხალიჩებით იყო მოფენილი. იმავე დღეს შაჰი
პირადად ეწვია მას და შეხვედრისას მისდამი დიდი პატივისცემა გამოამჟღავნა (16, გვ.
302).
ისფაჰანში ყოფნის დროს თეიმურაზი შედიოდა შაჰ აბას II-ის ყველაზე საპატიო
სტუმართა რიცხვში, ესწრებოდა სასახლის ნადიმებსა და მიღებებს, ახლდა შაჰს მოგზაურობებში,
ნადირობაზე (16, გვ. 309). 1663 წელს იგი გარდაიცვალა ასთარაბადში შაჰის ამასალთან
ერთად მაზანდარანში სანადიროდ გამგზავრების დროს (16, გვ. 327).
ქართველი ისტორიკოსების აზრით, თეიმურაზი აბას II-მ ასთარაბადის
ციხეში გამოამწყვდია და იგი იქ გარდაიცვალა (2, გვ. 310). ირანელი ავტორები კი ამ აზრს
არ იზიარებენ. ფაქტების შესადარებლად მოგვაქვს ორი მცირე ნაწყვეტი მოჰამედ თაჰერ ვაჰედ
ყაზვინელის (1605 – 1698 წწ.) წიგნიდან „აბას ნამე“, რომელიც 1662 – 1663 წლების ამბებს
განეკუთვნება: „იმისათვის, რათა დრო მხიარულად გაეტარებინათ, შაჰმა უბრძანა დიდებულებს
ქალაქ (ისფაჰანის) გარეთ გასულიყვნენ და კარვები მდინარე ზაიენდე რუდის ნაპირზე გაეშალათ,
ის იქ წავიდა რჩეულ დიდებულებთან, ემირებთან, თეიმურაზ ხანთან, ამილახვართან და სხვა
ქართველებთან ერთად... იქ უამრავი თასებით სვამდნენ ღვინოს. საღამომდე გაგრძელდა ნადირობა
და თევზის ჭერა მწვანე სამოთხისებურ ადგილას“ (16, გვ. 309).
„მაზანდარანში გასამგზავრებლად შაჰის მომზადების დროს, ავადმყოფობის გამო,
თეიმურაზს ცხენით წასვლა არ შეეძლო. შაჰმა ბრძანა, რომ იგი ტახტრევანზე დამჯდარიყო,
ჯუზლუნის გზით გამგზავრებულიყო ასთარაბადში და იქ დალოდებოდა შაჰის მისვლას. მაგრამ
მალე გარდაიცვალა...“ (16, გვ. 327).
ასე დაასრულა სიცოცხლე ერთ-ერთმა უდიდესმა ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ,
რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა თავისი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.
ირანელი ისტორიკოსების აღიარებით, ის მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ძლევამოსილი შაჰების
შემოსევებს, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მას... ის განაგრძობდა ქედმოუხრელ ბრძოლას სიცოცხლის
დასასრულამდე. ყოველივე ამის შედეგად მან დატოვა თავისი სამშობლო, დაკარგა შვილი, ოჯახი
და ახლობლები“ (16, გვ. 301). 74 წლის ასაკში, იგი უცხო ქვეყანაში გარდაიცვალა.
No comments:
Post a Comment