მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების
ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი
ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს
და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის
საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას
და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე
განხილულია XVI
– XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების
საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების
შესახებ.
III.
ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში
კახეთის
გამგებლები:
კონსტანტინე ალექსანდრეს ძე
(1605 – 1606 წწ.) შაჰის კარზე 12 წლის გაგზავნა მამამისმა. იგი ითვლებოდა
უფლისწულ ჰამზა მირზას ყველაზე უახლოეს პირად, მონაწილეობდა შაჰ აბასის ხელდასხმაში
(11, გვ. 689). მამის და ძმის მოკვლის შემდეგ - 1605 წელს კონსტანტინე შეუდგა ქვეყნის
(კახეთის) დამოუკიდებლად მართვას. მალე იგი გაემგზავრა შირვანისაკენ, რომელიც თურქეთის
ჯარებს დაეპყრო. ყიზილბაშ-ქართველთა ათიათასიანმა ლაშქარმა, რომელსაც კონსტანტინე ედგა
სათავეში, გაანადგურა თურქთა ჯარი, „ხელთ იგდო შემახიის რაიონები და იქ თავისი ხელქვეითები
დანიშნა. შაჰ-აბასმა უხვად დაასაჩუქრა კონსტანტინე, გვირგვინი, იარაღი და ძვირფასი
ქვის სამკაულები გაუგზავნა“ (11, გვ. 681).
ყიზილბაშურ-მუსლიმანური
ცხოვრების წესის შეთვისებამ უარყოფითად იმოქმედა კონსტანტინეზე. მან კახეთში თავისი
რეზიდენცია სეფიანებისა და ყიზილბაში დიდკაცების წესზე მოაწყო, დაჟინებით ცდილობდა
ქვეყანაში დესპოტური რეჟიმი დაემყარებინა, ანგარიშს არ უწევდა ქართველი დიდკაცობის
აზრს, ყურადღებას არ აქცევდა ქართველი ხალხის ადათ-წესებსა და ტრადიციებს.
კონსტანტინეს
რეაქციულმა ღნისძიებებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქართველ მოსახლეობაში, რომელიც
მალე გაერთიანდა მის წინააღმდეგ. კონსტანტინემ, რომელიც თავისი ხალხის უკმაყოფილებას
არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, გადაწყვიტა ძალით გასწორებოდა თავის მოწინააღმდეგეებს
და ერთიანი ძალაუფლება აღედგინა ქვეყანაში. მაგრამ, კონსტანტინეს წინააღმდეგ აღსდგა
ქართველი თავადაზნაურობაც, რომელსაც მოსახლეობა უჭერდა მხარს. აჯანყებულებმა ღამით
ალყა შემოარტყეს ქალაქ შემახიის მახლობლად სამხედრო ბანაკში მდებარე მის რეზიდენციას.
კონსტანტინემ გაჭრვებით მოახერხა მიმალვა და ბანაკიდან გაიქცა. მალე აჯანყებულებმა
მას გზა გადაუჭრეს. განუცხადეს, რომ საქართველოში არ შეუშვებდნენ. გაქცეულ კონსტანტინეს
გზაში ოსმალთა ლაშქარი დაესხა თავს და იარაღისა და სურსათის მთელი მარაგი წაართვა.
სრული განადგურების შემდეგ კონსტანტინე ბრძოლას გაეცალა. შაჰ აბასმა, რომელიც გორგანის
მახლობლად სამხედრო ბანაკში იმყოფებოდა, შეიტყო მისი დამარცხების ამბავი და იგი თავისთან
მიიწვია, მაგრამ კონსტანტინემ, რომელიც კვლავ აპირებდა საქართველოზე დაცემას „შაჰის
მოთხოვნის შესრულებაზე“ უარი თქვა. მან შეკრიბა ახალი რაზმები, დაბრუნდა საქართველოში
და შაქის ლაშქარის დახმარებით თავის თანამემამულეთა წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. მაგრამ
მალე ამ ბრძოლაში დაიღუპა (11, გვ. 709 და 2, გვ. 296). კონსტანტინე მისმა ძმისწულმა
თეიმურაზ I-მა
შეცვალა.
No comments:
Post a Comment