All About Georgian Landmarks. All About Georgian Culture. All About Georgian People. FInance
Monday, May 26, 2014
არჩილი
არჩილი - სტეფანოზ III-ეს უმცროსი ძე. მურვან ყრუს შემოსევის ჟამს, მამასთან და უფროს ძმა მირთან ერთად, ჯერ ეგრისს გადავიდა, მერე აფხაზეთს. აქ, ანაკოფიასთან გამართულ ბრძოლაში, ძმებმა არაბები დაამარცხეს და უკუაქციეს. არჩილმა ჭრილობისგა გარდაცვლილი მირი მცხეთას გადმოასვენა, ხოლო მამა, სტეფანოზი, ციხე-გოჯიდან - ქუთათისს. თორმეტი წელიწადი (დაახლ. 738-750 წწ.) არჩილი ქუთაისში იჯდა და თავს სრულიად საქართველოს მეფედ თვლიდა. მაგრამ ქართლი მაინც არაბეთის მოხარკე ქვეყანა იყო. არჩილი ქართლს გადავიდა და არაბთაგან აოხრებული ქვეყნის აღდგენას შეუდგა. VIII საუკუნის 60-იან წლებში, არაბთა მორიგი ლაშქრობა მოეწყო საქართველოში. არჩილმა მშვიდობიანი მოლაპარაკებით სცადა ქვეყნის გადარჩენა. არაბთა სარდალმა არჩილი ჯერ ცბიერი ლიქნობით მიიღო, მერე ქრისტიანობის უარყოფა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, ხოლო როცა ამაზე ცივი უარი მიიღო, შეიპყრო და თავი გააგდებინა. არჩილს დარჩა ოთხი ასული (მათ შორის უმცროსი, სილამაზით განთქმული შუშანი) და ორი ძე - იოვანე და ჯუანშერი. არჩილი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი მოხსენიების დღეა 4 ივლისი (ახალი სტილით).
მირი
მირი - სტეფანოზ III-ის უფროსი ძე. მურვან ყრუს შემოსევის დროს იგი მამასთან და უმცროს ძმასთან, არჩილთან ერთად, დასავლეთ საქართველოში (ჯერ ეგრისს, შემდეგ აფხაზეთს) გადავიდა. როვა მურვან ყრუ აფხაზეთში მივიდა, ქალაქ ანაკოფიასთან, მირი და არჩილი ქართველთა მცირე ჯარით გამოუხდნენ არაბებს, დაამარცხეს და გამოაქციეს ისინი. მაგრამ თვითონ მირი ბრძოლაში დაიჭრა, ფერდში ნაძგერები მაზრაკით. ქართველთა გამარჯვებით გახარებულმაბიზანტიის კეისარმა ლეონ III-ემ მირის სამეფო გვირგვინი და სკიპტრა გამოუგზავნა. ბრძოლაში მიღებული ჭრილობით მირი დასნეულდა და გარდაიცვალა. არჩილმა იგი მცხეთას დაკრძალა. მირს ძე არ ჰყოლია; შვიდი ასული დარჩა. ამათგან ბიძამ, არჩილმა ექვსი ქართველ ერისთავებს შერთო ცოლებად, ხოლო მეშვიდე, გურანდუხტი, ბიზანტიის კეისარს, ლეონ III-ეს (თუ კონსტანტინე V-ეს) მიათხოვა.
სტეფანოზ III
სტეფანოზ III - ქართლის ერისმთავარი, VIII საუკუნის 30-40-იან წლებში. მის დროს განსაკუთრებით გაძლიერდა შემოტევები არაბთაგან. საქართველოს შემოესია მურვან ყრუ (735-737 წწ.). სტეფანოზი თავისი ოჯახით ეგრისში გადავიდა, ციხე-გოჯში დადგა, იქვე გარდაიცვალა და მისმა შვილებმა (მირი და არჩილი) ჯერ იქვე დაასაფლავეს, ხოლო შემდეგ, არჩილმა მამა ქუთათისს გადაასვენა და იქ დაკრძალა.
ნერსე I
ნერსე I - ქართლის ერისმთავარი, სტეფანოზ II-ის შემდეგ, VII საუკუნის 80-90-იან წლებში. 686 წელს სომხები არაბებს აუჯანყდნენ და დახმარება ქართველებს სთხოვეს. ნერსე სასწრაფოდ გაეშურა და ქალაქ დვინის მახლობლად გამართულ დიდ ბრძოლაში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს არაბთა სარდალი ბარაბა.
სტეფანოზ II
სტეფანოზ II - ადარნასეს ძე, ქართლის ერისმთავარი, მამამისის შემდგომ, VII საუკუნის 40-50-იან წლებში. მის დროს პირველად მოვიდნენ საქართველოში არაბები. ამათთან პირველი საომარი შეხვედრები, 642 წელს ქართველებმა დიდი წარმატებით მოიგეს. 654 წელს არაბთა სარდალი ჰაბიბ იბნ-მასლამა წამოვიდა დიდძალი მხედრობით. ამჯერად სტეფანოზმა მშვიდობიანი შერიგება შესთავაზა არაბ სარდალს. მასლამამ დიდი სიამოვნებით მიიღო ქართველებთან ზავი და სტეფანოზს "დაცვის სიგელი" გამოუგზავნა. ქართველებმა ამ "სიგელის" ძალით, ხარკის, ჯიზიათის გადახდა იკისრეს: კომლზე, წელიწადში თითო დინარი (დაახლ. 5 მან.).
ადარნასე
ადარნასე - ბაკურის ძე, ქართლის ერისმთავარი, სტეფანოზ I-ის შემდეგ, 626 წლიდან. მან დაასრულა მცხეთის ჯვრისა და ტფილისის სიონის ტაძართა მშენებლობა.
სტეფანოზ I
სტეფანოზ I - გუარამის ძე, ქართლის ერისმთავარი მამამისის შემდგომ, VII საუკუნის პირველ მეოთხედში. 626 წელს ქართლს შემოესივნენ ბიზანტიელები, ჰერაკლე კეისარის სარდლობით, და ხაზარები, ჯიბღუ ხაკანის წინამძღოლობით. ტიფლისის კედლებთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში სტეფანოზი დაეცა გმირის სიკვდილით. მომდევნო წელს ხაზარებმა აიღეს და აიკლეს ტფილისი.
გუარამი
გუარამი - ქართლის პირველი ერისმთავარი, სპარსთაგან მეფობის გაუქმების შემდგომ, VI საუკუნის ბოლოს. გუარამს ბიზანტიელთაგან "კურაპალატის" ტიტულიც ჰქონდა. "იყო კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა". მან დაიწყო მცხეთის ჯვრის მონასტრის მშენებლობა (დაასრულა ადარნასემ). "ამანვე გუარამ გვარად იყო ბაგრატიონი, სპერის ქართული ოჯახიდან. იგი გახდება მთავარი გმირი შემდგომში ფართოდ გავრცელებული ლეგენდისა, წარმომავლობის შესახებ: თითქოს დავით-სოლომონის ღვისთესლიერი ნაკადიდან შვიდი ძმის მოსვლა, ამათგან სამირომ სომხეთში დარჩა, "სომეხ ბაგრატუნიანთა" შტოდ, ხოლო ოთხი საქართველოში მოვიდა "ქართველ ბაგრატოვანთა" მამამთავრებად. სწორედ ამ ოთხ ძმათაგან იყო გუარამ, ქართლის პირველი ერისმთავარი და ქართველ ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი.
Sunday, May 25, 2014
ძამანარსე
ძამანარსე - ქართლის მეფე, გურგენის შემდეგ (523-535). სპარსთა მომძლავრებისაგან შეწუხებული ძამანარსე, მეუღლე-დედოფალისა და დარბაზისერთა თანხლებით, კონსტანტინოპოლს ეწვია და კეისარ იუსტინიანეს კავშირი და მეგობრობა სთხოვა. კეისარი დიდი სიხარულით შეხვდა ამ თხოვნას და დიდძალი ძღვენითაც გამოისტუმრა სტუმრები; მაგრამ ბიზანტიასთან სიახლოვემ ვერ უშველა ძამანარსეს. სპარსელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს და "მარზპანობა" შემოიღეს.
გურგენი
გურგენი - ქართლის მეფე (515-523), ეგრისის მეფის, წათე I-ის თანამედროვე. გურგენის დროს მეფის ხელისუფლების შევიწროვებისათვის ბრძოლას იწყებდნენ დიდგვარიანი აზნაურები. ამას ზედ დაერთო სპარსელთა მომძლავრება. კავად შაჰმა გურგენს ბრძანება გამოუგზავნა: ქართველებმა ქრისტიანობა უარყონ, მაზდეანობა მიიღონ, ყოველი საყოფაცხოვრებო ადათი სპარსულად აღასრულონ, მიცვალებულებიც კი მიწაში აღარ დამარხონ, არამედ სპარსული წესით ცის ქვეშ დაყარონო. ამის გამო, 523 წელს, გურგენის მეთაურობით, ქართი აჯანყდა სპარსეთის წინააღმდეგ. სპარსელები ქართლს შემოესივნენ. გურგენი თავისი ოჯახითა და სეფეწულთა ამალით ეგრისს გადავიდა. წათემ დიდი პატივით მიიღო იგი. ეგრისიდან გურგენი, წათესთან ერთად, კონსტანტინოპოლს ჩავიდა. იმპერატორი იუსტინე დიდი პატივით შეხვდა ქართველ მეფეებს. მათ შორის კავშირი და მეგობრობა გამოცხადდა. გურგენი სიკვდილამდე კონსტანტინოპოლს დარჩა.
ბაკურ II
ბაკურ II - დაჩის ძე, შვილიშვილი ვახტანგ გორგასალისა. გამეფდა დაჩის სიკვდილის (დაახლ. 515 წ.) შემდგომ, მაგრამ გამეფების წელსავე გარდაიცვალა.
დაჩი ანუ დარჩილ
დაჩი ანუ დარჩილ - ძე ვახტანგ გორგასალისა, საქართველოს მეფე, 502-515 წლებში. დაჩიმ ხელი მიჰყო სპარსელთაგან აოხრებული ქართლის აღდგენას. მან "განასრულნა ზღდენი ტფილისისანი, და, ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახელად სამეუფოდ" - გამოაცხადა საქათველოს სატახტოდ. დაჩიმ სცადა მთიელ ქართველთა გაქრისტიანება და საამისოდ ისინი მცხეთასა და ტფილისშიც მოიწვია, მაგრამ ვერაფერს გახდა: მთიელები, წარმართად მოსულნი, წარმართადვე გაბრუნდნენ მთებში.
Saturday, May 24, 2014
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი - მირდატის ძე, დიდი ქართველი ხელმწიფე. დაიბადა 442 წელს; შვიდი წლისა მამით დაობლდა. აღზარდა დედამ, ქვრივმა დედოფალმა საგდუხტმა და მასთან, სპასპეტმა საურმაგმა. გამეფდა 15 წლისა (457 წელს). 16 წლისამ ჩრდილოეთით ილაშქრა; პირადად შეება და დახოცა ხაზართა და ოვსთა ბელადები; დაიმორჩლა ხაზარეთი, ოვსეთი, ყივჩაღები, პაჭანიგები, ჯიქები, ჯიქეთიდან აფხაზეთსა და ეგრისს გადმოვიდა. ეგრისიდან გააძევა ბიზანტიელები. მის "ჩრდილოურ ლაშქრობებს: დაჭრდა სამი წელიწადი (458-461). 19 წლისა მობრუნდა მცხეთას. 21 წლისამ ცოლად შეირთო სპარსეთის შაჰის, ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი, რომლისგანაც მარჩბივად შეეძინა ორი შვილი, მათგან უფლისწული და მომავალი ხელმწიფე დაჩი. დედოფალი მშობიარობას გადაჰყვა. 464 წელს 2 წლის ვახტანგი გაეშურა სამხრეთ-დასავლეთით, პონტოს ქართულ მიწა-წყალთა შემოსაერთებლად. ზედიზედ აიღო ციხე-სიმაგრენი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი, მერე დაიმორჩილა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს ბერძნული ქალაქები. ბიზანტიის კეისარი ლეონ I იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. ზავის მიხედვით, სამხრეთ დასავლეთ ქართული პროვინციები საქართველოს შემოუერთდა. დამოყვრებაზეც შეთანხმდნენ ვახტანგი ცოლად შეირთავდა კეისრის ასულს, სამაგიეროდ ლეონ კეისარი მზითევად მისცემდა აფხაზეთს. 467 წელს ვახტანგმა დაამარცხა ქართლზე მოლაშქრე სპარსელთა მხედრობა, რომელსაც თვითონ შაჰინშაჰი პეროზი სარდლობდა. ამ ბრძოლიდანვე გავრცელდა ვახტანგის ცნობილი ზედნადები სახელი - "გორგასალი": თავზე მას ოქროცურვილი მუზარადი ეხურა, წინ მგლისა და უკან ლომის გამოსახულებით, და მოიერიშე ბუმბერაზი მეფისგან დაშინებული სპარსელები ერთმანეთს გასძახოდნენ "დურ აზ გორგასარ!" - "მოერიდეთ თავსა მგლისასა!" დამარცხებულმა პეროზმა ზავი ითხოვა. ზავის მიხედვით, ქართულმა სამანებმა მდინარე არაქსამდე და კასპიის ზღვამდე გადაინაცვლეს. ამის შემდეგ უკვე ლეგენდა მოგვითხრობს ქართველი მეფის ინდოეთში ლაშქრობის ამბებს. საქართველოში მობრუნებისას, ვახტანგმა გადაწყვიტა შემოეღო კათალიკოსობა და პირველ კათალიკოსად კონსტანტინოპოლიდან მოიწვია პეტრე. ამან მცხეთის ეპისკოპოსის, მიქაელის დიდი რისხვა გამოიწვია და, როცა ვახტანგი მიქაელს შეეგება და წესისაებრ ამბორსაყოფად დაიხარა, მიქაელმა მეფეს კბილებში წიხლი სცა. ვახტანგმა მიქაელი საქართველოდან გააძევა, ხოლო მცხეთაში პირველ კათალიკოსად პეტრე დასვა. პეტრესთან ერთად მეფემ კონსტანტინოპოლიდან ჩამოიყვანა თორმეტი სამღვდელო. ამათგან ერთი, სამოელი, მცხეთის ეპისკოპოსად დასვა, დანარჩენი თერთმეტი კი, ქართლ-კახეთის სხვა სამწყსოებში გაამწესა ეპისკოპოსებად. მაშინ კონსტანტინოპოლიდან ჩამოიყვანეს აგრეთვე, კეისარ ლეონ I-ის ასული, ელენე, რომელიც ვახტანგმა ცოლად შეირთო და საქართველოს დედოფლად გამოაცხადა. ელენესგან ვახტანგს შეეძინა ორი ძე (ლეონ და მირდატ) და ორი ასული. ვახტანგი განასრულებდა დიდ აღმშენებლობით საქმიანობას. მან განაახლა და განამტკიცა მცხეთისა და არმაზის სიმაგრენი, ძველი, ხის სვეტიცხოველის ტაძარი დიდ ქვის სიონად გადააკეთა; ააშენა უჯარმა, მეტეხი და შეუდგა ტიფლისის, როგორც ახალი სატახტო ქალაქის მშენებლობას. V საუკუნის მიწურულს, სპარსელებმა გააძლიერეს შემოტევები. გადამწყვეტ ჟამს, მოკავშირეებმა (ჰუნებმა, ბერძნებმა, სომხებმა) უღალატეს ქართველთა მეფეს. ვახტანგი ეგრისს გადავიდა და ახალ საომარ ძალთა შეყრას შეუდგა. 502 წელს სპარსეთის შაჰი კავადი უზარმაზარი მხედრობით შემოიჭრა ივრის ხეობაში. ვახტანგი შეება რიცხობრივად ხუთჯერ აღმატებულ მტერს. უმძმესი ბრძოლა მაინც ქართველთა გამარჯვებით მიდიოდა, მაგრამ უეცრად, ვინმე მოღალატისგან მძლავრად ნასროლი ისარი იღლიაში მოხვდა თავდავიწყებით მეომარ მეფეს. მაინც მთელი დღე იბრძოლა ისარნაძგერალმა. სპარსელებმა დაიხიეს და რუსთავ-ბოსტანქალაქს შეეფარნენ. სასიკვდილოდ დაჭრილი ვახტანგ მეფე უჯარმას მიიყვანეს. სიკვდილის წინ მეფედ დალოცა თავისი პირმშო ძე დაჩი. აღესრულა ვახტანგ გორგასალი. დაკრძალეს მისგანე აგებულ მცხეთის სვეტიცხოველში. გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელიმ აღესრულა 60 წლისა. სიმაღლით იყო "თორმეტი ბრჭალი (2 მეტრი და 40 სმ); მისი უზარმაზარი ტანსაცმელი და საჭრველნი, საფლავთან გამოფენილნი, დიდი ხნის მანძლზე ანცვიფრებდნენ მნახველებს. ქართულ დროშას დაებეჭდა მისი სახელი - "გორგასლიანი". უამრავი ლეგენდა შეთხზა საყვარელ მეფეზე ქართველმა ხალხმა, ხელმწიფეზე, ღვინო რომ მოესურვებოდა და "ღმერთი ყანწს მოაწოდებდა"; რომელსაც "ზეციდან ღვთიური ზარის ხმა ესმოდა"; რომელიც ყოველ თვალზე უსწრაფესი თვალით ჰაერში მოსრიალე ისრებს ჰხედავდა. გორგასალის გასაოცარი ეპიტაფიაც ხალხმა შეთხზა და გულზე დაიწერა:
ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან შემოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შესდგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.
ბუზმარი
ბუზმარი - ქართლის მეფე 412-430 წლებში, ფარსმან V-ის შემდეგ. ბიზანტიის კეისარი თეოდოსი II და სპარსეთის მეფე იეზდიგერდ I ეძალებოდნენ ბუზმარს "კავშირ-მეგობრობას", თან ერთადერთ ძეს, მურვანოსს (შემდგომში სახელოვანი პეტრე იბერიელი) მძევლად სთხოვდნენ. ბოლოს და ბოლოს, ბუზმარმა ბიზანტია არჩია და მურვანოსი მძევლად თეოდოსის გაუგზავნა კონსტანტინოპოლში.
ფარსმან IV
ფარსმან IV - ბიზანტიაში ფარსმან იბერიელის სახელით ცნობილი, ძე ვარაზ-ბაკურისა, კაცი ნიჭთ და მხედრული სიმამაცით დიდად აღმატებული, ტანად ახოვანი და პირად სახიერი. დიდი პატივით სარგებლობდა კეისარ არკადიუსის (395-408) კარზე. როცა იმპერიის მთავარსარდლის პოსტზე ორი კანდიდატი იყო ქართველი ფარსმანი და გერმანელი გაინა იმპერატორი ქართველის მხარეზე იხრებოდა, მაგრამ სწორედ მაშინ არკადიუსს შეატყობინეს, რომ ფარსმანი და დედოფალი ევდოქსია ერთმანეთს გამიჯნურებიანო. ფარსმანმა ძლივს დაიხსნა თავი სიკვდილისაგან: ევდოქსიამ მას მაცნედ და მაშველად გაუგზავნა კოლხი სუბარმახიოსი. ფარსმანი კონსტანტინოპოლიდან გამოიქცა, მცხეთას მოვიდა და მალე კიდეც გახელმწიფდა. იმეფა თორმეტი წელი (400-412). კონსტანტინოპოლთან მტრობა არკადიუსის სიკვდილამდე გაგრძელდა. ფარსმანი მცირე აზიაში ხშირად თავს ესხმოდა რომის სამფლობელოებს. არკადიუსის სიკვდილის (408 წ.) შემდეგ, მცხეთასა და კონსტანტინოპოლს შორის მეგობრული ურთერთობა აღდგენილ იქნა
ვარაზ-ბაკური
ვარაზ-ბაკური - საურმაგ II-ის ნათესავი და ქართლის მეფობის მენახევრე, IV საუკუნის 70-იან წლებში მეფობდა მტკვრის მარცხენა მხარეს.
საურმაგ II
საურმაგ II - ქართლის მეფე, მირდატ V-ის შემდგომ, IV საუკუნის 70-იან წლებში. მის დროს სპარსეთის მეფე შაბურ II შემოესია ქართლს. საურმაგმა ტახტი დათმო. შაბურმა ქართლის მეფედ დასვა საურმაგის ნათესავი ვარაზ-ბაკური. საურმაგმა ბიზანტიის კეისარ ვალენტის თორმეტი ლეგიონი გამოართვა და მცხეთას მოადგა. ვარაზ-ბაკური საურმაგს დაუზავდა. ქართლი ორად გაიყვეს: მტკვრის მარჯვენა მხარეს საურმაგი გამეფდა, მარცხენას - ვარაზ-ბაკური.
Friday, May 23, 2014
მირდატ V
მირდატ V - ბაქარის ძე, მირიან III-ის შვილიშვილი, ქართლის მეფე IV საუკუნის 60-იან წლებში. მან პირველმა დაიწყო ფართო საეკლესიო მშენებლობა სამხრეთ საქართველოში - კლარჯეთში, ერთუშეთში, წუნდაში, თუხარისში. მირდატის ბრძანებით სვეტიცხოველში "ცხოველ სვეტს" ნაწილი ჩამოაჭრეს და მისგან ჯვარი გამოკვართეს; თვითონ სვეტი გარშემო, ფუძიდან კაპიტელამდე, ქვითკირით შემოსეს და მის ზეთავზე აღმართეს "ჯუარი იგი ძელი განმაცხოველებელი".
Thursday, May 22, 2014
ბაქარი
ბაქარი - ძე მირიან III-ისა, ქართლის მეფე IV საუკუნის შუა წლებში. უფლისწულობის ჟამს იგი კეისარ კონსტანტინეს მძევლად ჰყავდა კონსტანტინოპოლში, ხოლო როცა ქართლმა ქრისტიანობა მიიღო, კეისარმა ბაქარი დიდი ძღვენით და პატივით გამოისტუმრა მცხეთას. გამეფენის შემდგომ, ბაქარი წარმატებით განაგრძობდა ქართლის გაქრისტიანებას: "ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა". ბაქარის დროს სომხეთში ნახარარები (წარჩნებულნი) აუჯანყდნენ მეფე არშაკ II-ს. არშაკი საქართველოში მოვიდა და დახმარება ითხოვა. ბაქარმაც გაატანა ქართული ჯარი. სომეხთა მეფემ შინა-აჯანყება ჩააქრო.
მირიან III
მირიან III - ქართლის დიდი ხელმწიფე IV საუკუნის პირველ ნახევარს. მის დროს მოვიდა კაპადოკიიდან წმინდა ნინო, დაიმსხვრა წარმართული კერპები, ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად, მოინათლა ხალხი, მეფე და მისი სახლობა (325-335 წლებს შორის), მცხეთაში აშენდა პირველი ქრისტიანული ეკლესია - "სვეტიცხოველი". საქართველო მტკიცედ დაუკავშირდა ქრისტიანულ ბიზანტიას. მტკიცე კავშირი და მეგობრობა დამყარდა მირიანსა და ბიზანტიის (რომის) კეისარ კონსტანტინეს შორის. მირიანი დაკრძალულია მისგანვე დაარსებულ სვეტიცხოველში.
ასფარუგი
ასფარუგი - ქართლის მეფე, მირდატ IV-ის შემდეგ, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე. ასფარიგს წამოუწყია უჯარმის ციხე-ქალაქის მშენებლობა.
Wednesday, May 21, 2014
რევ I მართალი
რევ I მართალი - ამაზასპ მეფის დისწული, ქართლის მეფე III საუკუნის 70-იან წლებში. რევმა წინა მეფის სპარსულ ორიენტაციაზე ხელი აიღო და რომაელთა "კავშირ-მეგობრობას" დაუბრუნდა. მან ცოლად შეირთო წარჩნებული ბერძენი ქალი სეფელია, რომელმაცთან მოიტანა და მცხეთის თავზე აღმართა კერპი აფროდიტესი. თვითონ მეფეც კერპთაყვანისმცემელი იყო, მაგრამ შემწყნარებლობას იჩენდა ქრისტიანული რელიგიის მიმართაც. რევი იყო დიდსულოვანი, გულმოწყალე და სამართლიანი, და ხალხმაც ამის გამო შეარქვა მას "მართალი".
ამაზასპი
ამაზასპი - ფარსმან III-ს ძე, ქართლის მეფე III საუკუნის შუა წლებში. სპარსეთის მეფე შაბურ I-მა ამაზასპს მოსთხოვა რომაელებს გადაუდექ და მე შემომიერთდიო. ამაზასპმა ცივი უარით უპასუხა. ამ დროს ოვსთა ლაშქარი შემოიჭრა ჩრდილოეთიდან. ამაზასპმა ისინი სასტიკად დაამარცხა. მერე თვითონ გადავიდა ოსეთში და დაიმორჩილა იგი. რომი კი "მოკავშირე-მეგობრის" პირობას არ ასრულებდა. ამიტომ ამაზასპმა რომს ზურგი აქცია და სპარსეთთან კავშირი შეკრა. მეფის ასეთმა პოლიტიკამ ქართველთა ბანაკი ორად გათიშა. ერისთავთა უმეტესობა მეფეს განუდგა და გაუმტერდა. დასახმარებლად მოუხმეს რომაელებს, სომხებს და ოვსებს. ამაზასპმაც სპარსეთიდან მოირთო ძალები. გუთისხევთან გამართულ დიდ ბრძოლაში სპარსელები დამარცხდნენ და მეფე ამაზასპიც იქვე დაიღუპა.
ფარსმან III
ფარსმან III - ადამის ძე, ფარსმან II ქველის შვილიშვილი, III საუკუნის პირველი ნახევარი. ადამს იგი ერთი წლისა დარჩა. გაზარდა და ტახტზე დასვა ბებია-დედოფალმა ღადანამ (ფარსმან ქველის მეუღლემ). ფარსმან III წარმატებით ინარჩნებდა უკვე კარგა ხნის ტრადიციად დადგენილ ქართლის პირველობას წინა აზიაში.
ადამი (ღადამი)
ადამი (ღადამი) - ფარსმან II ქველის ძე, ქართლის მეფე III საუკუნის დამდეგს (ქსეფარნუგის შემდეგ). გამეფებიდან მხოლოდ სამი წელი იცოცხლა. დარჩა ერთი წლის ძე, ფარსმანი (შემდგომში ფარსმან III). ტახტის მემკვიდრის გაზრდამდე ქართლს განაგებდა ადამის დედა, ფარსმან II ქველის ქვრივი, დედოფალი ღადანა.
მირდატ III
მირდატ III - ფარსმან II ქველის ბიძაშვილი, ქართლის ტახტის მბრძანებელი. II საუკუნის შუა წლებში, პართიის მეფის, ვოლოგეზ III-ის მოკავშირე და მოყვარე (ცოლად ვოლოგეზის ბიძაშვილი ჰყავდა). რამდენჯერმე პართიელთა ჯარებით სცადა ფასმანის ჩამოგდება ტახტიდან, მაგრამ ყოველთვის მარცხი განიცადა. მერე ფარსმანი მოაწამვლინა და გამეფებასაც მიაღწია. მაგრამ დიდხანს ვერ იმეფა. მისმა მოწინააღმდეგეებმა, ქართლის ჯარებს გარდა, დასავლეთ საქართველოდან მეგრელთა ლაშქარი მოიხმეს. ლიახვთან გამართულ დიდ ბრძოლაში პართიელები განადგურდნენ. მირდატიც ამ ბრძოლაში დაიღუპა.
Tuesday, May 20, 2014
ფარსმან II ქველი
ფარსმან II ქველი - ქართლის მეფე II საუკუნის პირველ ნახევარში, "კაცი კეთილი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო". 114 წელს, რომის დიდმა იმპერატორმა ტრაიანემ ფარსმანს დიდძალი ძღვენი გამოუგზავნა და, როგორც მოკავშირე-მეგობარს, პართიის წინააღმდეგ საომარი დახმარება სთხოვა. ფარსმანმაც გაუგზავნა ტრაიანეს ქართული ჯარი. ტრაიანეს შემდგომ კეისარ-იმპერატორთან, ადრიანესთან, ფარსმანს პირველად განხეთქილება ჰქონდა. ქართველმა მეფემ ჯარები შეიყვანა ჯერ სომხეთში, შემდეგ ალბანეთსა და კაპადოკიაში და სამივე ამ ქვეყნიდან გააძევა რომაელები. ადრიანემ ფარსმანს მოსთხოვა რომში გამოცხადებულიყო. ფარსმანმა ცივი უარი შეუთვალა. ადრიანე იძულებული გახდა დაეთმო. მან ფარსმანს გამოუგზავნა იმდენი ძღვენი, არავისთვის არასოდეს რომ არ უბოძებია; ამ საგანგებო ძღვენს კი ადრიანემ საჩუქრად 50 ლეგიონერი-მეომარი და ერთ სპილოც გამოაყოლა. ფარსმან ქველის სიძლიერეს განსაკუთრებული სიფრთხილითა და პატივით ეპყრობოდა იმპერატორი ანტონინუს პიუსი, რომელმაც ქართველი მეფე, თავისი ოჯახით, საგანგებოდ მიიწვია რომში. რამდენიმე დღის ღრეობა-ნადიმობის შემდგომ, ფარსმანმა და მისმა ქართულმა ამალამ რომაელებს აჩვენა ცხენოსნური ჯირითი. შთაბეჭდილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმპერატორის ბრძანებით, მარსის მოედანზე აღმართეს ცხენზე ამხედრებული, მოჯირითე ქართველი მეფის ქანდაკება.
![]() |
| ფარსმან II ქველი-ს ქანდაკება იტალიაში |
ანტონიუს პიუსმა სცნო ფარსმან ქველის სამეფოს საზღვრები: ტრაპეზუნდ-ლაზეთის ხაზიდან მტკვრის ქვემო წელამდე და კავკასიონიდან არაქსამდე. პართიელთა მეფე ვოლოგეზ III ვერ ურიგდებოდა ქართლის ესოდენ გამძლავრებას. ამიტომ იგი ეხმარებოდა ფარსმანის მოწინააღმდეგეებს მცხეთის სასახლის კარზე. ასეთი მომტერე ჰყავდა ფარსმანს მისი ბიძაშვილი მირდატი. ვოლოგეზმა მირდატს რამდენჯერმე მისცა ჯარი ფარსმანის დასამხობად, მაგრამ ფარსმანმა ყველა ბრძოლა მოიგო. ბოლოს, მოღალატეებმა ფარსმანის მოწამვლა და მოკვლა მოახერხეს.
მირდატ II
მირდატ II - ფარსმან I-ის ძე, ქართლის მეფე ქრისტეს შობიდან I საუკუნის 70-80-იან წლებში. მის დროს რომაელი კეისარ-იმპერატორები (ფლავიუსების დინასტია) ქართველებთან "დიდ მეგობრობასა და სიყვარულში" იყვნენ. 75 წელს რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა (ტიტუსი და დომიციანე) მირდატს მცხეთაში ქვის კედელი გაუმაგრეს, ამის შესახებ იუწყება წარწერა მცხეთაში ნაპოვნ ქვის კედელზე.
ფარსმან I
ფარსმან I - ქართლის მეფე ქრისტეს შემდგომი I საუკუნის პირველ ნახევარში. მის დროს რომი, პართია და იბერია (ქართლი) იბრძოდნენ სომხეთის ტახტის დაუფლებისთვის. ფარსმანმა ჯერ თავისი ძმა მირდატი გაამეფა სომხეთში (35 წელს). რამდენიმე შეტაკება პართიელებთან ფარსმანის გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელ დიდ ბრძოლაში მან პართიელებიც გაანადგურა და მათი სარდალიც, მეფის ძმა ოროდი ორთაბრძოლაში მძიმედ დაჭრა. მერე ფარსმანმა სომხეთში თავისი ძე, რადამისტი გაგზავნა გასამეფებლად. რადამისტმა მირდატი მოჰკლა და სომხეთის ტახტი თვითონ დაიჭირა.
მირდატ I
მირდატ I, ანუ ადერკი - გამეფდა ქრისტეს დაბადების წელს. მან ხელახლა გააერთიანა სრულიად საქართველო - "ყოველი ქართლი და ეგრისი". მის დროსვე აწამეს იესო ქრისტე, ხოლო ქრისტეს კვართი ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა გოლგოთიდან ჩამოიტანეს მცხეთას და აქვე დაკრძალეს. მაშინ მოვიდნენ, აგრეთვე, ქრისტეს მოწაფენი - ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი, ქრისტიანობის ქადაგებით საქართველოში. თვითონ მირდატ I ქრისტიანობის მოძულე და მტერი აღმოჩნდა. იგი დიდად განარისხა დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში კერპების მსხვრევამ და ქრისტიანობის გავრცელებამ. სამეგრელოში ერისთავები გაგზავნა ჯარით, ჯვრები და ხატები ააღებინა, ქრისტიანობა აკრძალა და ხალხი ისევ წარმართობაზე შემოაბრუნა.
მირიან II
მირიან II - ქართლის მეფე ქრისტეს წინარე I საუკუნის მეორე ნახევარს. "ნებიერად მეფობდა მცირედ-ჟამ და მოკუდა.
ფარნავაზ II
ფარნავაზ II, ანუ ბარტომ - არტაგის ძე, ქართლის მეფე ქრისტეს წინარე I საუკუნის შუა წლებში. მან "უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა". მის დროს, ქრისტეს შობამდე 36 წელს, რომაელებმა მეორედ და უკანასკნელად ილაშქრეს საქართველოში. ფარნავაზ II კვლავ შეურიგდა "რომაელი ხალხის მოკავშირეობას და მეგობრობას".
არტაგი
არტაგი - ქართლის მეფე ქრისტეს წინარე I საუკუნის პირველ ნახევარში. მის დროს, ქრისტეს შობამდე 65 წელს, იბერია-ქართლში პირველად მოვიდნენ რომაელები, გნეუს პომპეუსის სარდლობით. რომაელებმა აიღეს არმაზ-ციხე. არტაგმა არმაზიდან მცხეთას გადამავალი ხიდი დასწვა მტკვარზე. გაიმართა საზავო მოლაპარაკება. არტაგმა ხიდი აღადგინა. რომაელები მცხეთას გადავიდნენ. არტაგი პომპეუსს აღარ ენდო და არაგვისაკენ წარემართა. რომაელები მიჰყვნენ. ქართველებმა რომაელებს ძლიერი პარტიზანული ბრძოლები გაუმართეს. უღრან ტყემაღნარებში უსაფრდებოდნენ, ისარს უშენდნენ, მოულოდნელი თავდასხმებით სისხლს აქცევინებდნენ. რომაელებმა ტყეების გაჩეხვა და ცეცხლის წაკიდება დაიწყეს. დახოცილ მეომარ ქართველთა შორის ბევრი ქალის გვამიც აღმოჩნდა. არტაგი ზავზე დათანხმდა. იგი იძლებული შეიქნა პომპეუსისთვის მძევლებად თავისი ორი ძე მიეცა, მასთან მდიდარი ძღვენიც მიერთმია - ოქროს ტახტი, ოქროს მაგიდა და ოქროს სარეცელი. ამიერიდან იბერია-ქართლი რომის იმპერიის მფლობელობაში შევიდა "რომაელი ხალხის მოკავშირისა და მეგობრის" სტატუსით; მაშასადამე, საკუთარი მეფობით, ავტონომიით, შინაურ საქმეებში ჩაურევლობით.
Monday, May 19, 2014
ფარნაჯომი
ფარნაჯომი - მირიან I-ის ძე, ქართლის მეფე ქრისტეს წინარე III-II საუკუნეთა მიჯნაზე. გააძლიერა და განამტკიცა მცხეთა და ქართლის სხვა ციხე-ქალაქნი. კახეთში ააშენა ნეკრესი, ზადენის მთაზე ციხე ზადენი, იქვე აღმართა კერპი ზადენ. შეუდგა სპარსულ ცეცხლთაყვანისმვემლობას. მცხეთაში სპარსელი მოგვები (ქურუმები) მოიყვანა და ხალხშიც სპარსული რელიგიის გავრცელებას აპირებდა, მაგრამ ერისთავები აუჯანყდნენ და მეფე ბრძოლაში დაიღუპა.
მირიან I
საურმაგ I
საურმაგ I - ფარნავაზის ძე მეფე მამის შემდგომ, ქრისტეს წინარე III საუკუნეში. ერისთავები აუჯანყდნენ. საურმაგმა კავკასიონის გადაღმიდან ოვსებს და დურძუკებს მოუხმო და მათი დახმარებით ჩაახშო აჯანყება.
ფარნავაზი
ფარნავაზი - პირველი დიდი ქართველი ხელმწიფე, საქართველოს პირველი გამაერთიანებელი ქრისტეს წინარე IV-III საუკუნეთა მიჯნაზე. იყო მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმისწული (მამის სახელი უცნობია), ფარნავაზი სამი წლისა იქნებოდა როცა პონტოდან ("საბერძნეთიდან") ძლიერი ლაშქრით მოვიდა აზონი (ალბათ, პონტოელი ქართველი. მიიჩნევდნენ ალექსანდრე მაკედონელის სარდლად), რომელმაც მოჯკლა სამარაც და მისი ძმაც (ფარნავაზის მამა) და თვითონ დაიდგა სამეფო ტახტი მცხეთაში. ყრმა ფარნავაზი დედამ მთაში გახიზნა და იქ გაზარდა. ვაჟკაცობაში ფეხშედგმული ფარნავაზი, დედასთან ერთად, მცხეთაში დაბრუნდა და შეუდგა საიდუმლო სამზადისს აზონის ძალაუფლების დასამხობად. მან კავშირი შეკრა დასავლეთ საქართველოს, ეგრისის მთავარ ქუჯისთან და შეერთებული ძალებით, დაამხეს აზონის ბატონობა. თვითონ აზონი ბრძოლაში დაიღუპა. მცხეთაში მეფედ დაჯდა ფარნავაზი. აქედან იწყება ფარნავაზიანთა დინასტიის ისტორია. გამეფებისთანავე ფარნავაზი შეუდგა დიდ რეფორმატორულ და აღმშენებლობით საქმიანობას. გააერთიანა სრულიად საქართველო და დაჰყო იგი საერისთავოებად, სათავეში - ერისთავებით. სულ იყო რვა საერისთავო
- არაგვეთი
- კახეთი
- ხუნანი
- სამშვილდე
- წუნდა
- ოძრხე
- კლარჯეთი
- ეგრისი
ხელახლა ააშენა, ახალი კედელ-გალავნებით და ციხე-კოშკებით გაამაგრა, განამტკიცა მცხეთა და მისი აკროპოლისი არმაზ-ციხე, იქვე აღმართა სალოცავი კერპი არმაზი. აღადგინა და ააშენა ყველა სხვა ციხე-სიმაგრე, რომელიც მანამდე დაენგრია მტრის შემოსევას, თუ სტიქიურ უბედურებას. დასავლეთ საქართველოში ააშენა ახალი ციხე-სიმაგრენი - შორაპანი და დიმნა (დიმი). მისმა თანამებრძოლმა, ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ ააშენა ქალაქი ციხე-გოჯი. ფარნავაზის სახელთან დაკავშირებულია უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმა - ქართული დამწერლობისა და მწიგნობრობის დაფუძნება ("ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული"), გამეფდა 27 წლისა, იმეფა და იღვაწა 65 წელიწადი, აღესრულა 92 წლისა. დაკრძალეს არმაზს.
Sunday, May 18, 2014
Nino Katamadze & Insight Red Line Live 2010
Saturday, May 17, 2014
Niko Katamadze and The Core
Nino Katamadze & Insight - Beauty (Red Line)
Subscribe to:
Comments (Atom)











