Tuesday, May 20, 2014

ფარსმან II ქველი

იბერია-ქართლის მეფენი
ფარსმან II ქველი - ქართლის მეფე II საუკუნის პირველ ნახევარში, "კაცი კეთილი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო". 114 წელს, რომის დიდმა იმპერატორმა ტრაიანემ ფარსმანს დიდძალი ძღვენი გამოუგზავნა და, როგორც მოკავშირე-მეგობარს, პართიის წინააღმდეგ საომარი დახმარება სთხოვა. ფარსმანმაც გაუგზავნა ტრაიანეს ქართული ჯარი. ტრაიანეს შემდგომ კეისარ-იმპერატორთან, ადრიანესთან, ფარსმანს პირველად განხეთქილება ჰქონდა. ქართველმა მეფემ ჯარები შეიყვანა ჯერ სომხეთში, შემდეგ ალბანეთსა და კაპადოკიაში და სამივე ამ ქვეყნიდან გააძევა რომაელები. ადრიანემ ფარსმანს მოსთხოვა რომში გამოცხადებულიყო. ფარსმანმა ცივი უარი შეუთვალა. ადრიანე იძულებული გახდა დაეთმო. მან ფარსმანს გამოუგზავნა იმდენი ძღვენი, არავისთვის არასოდეს რომ არ უბოძებია; ამ საგანგებო ძღვენს კი ადრიანემ საჩუქრად 50 ლეგიონერი-მეომარი და ერთ სპილოც გამოაყოლა. ფარსმან ქველის სიძლიერეს განსაკუთრებული სიფრთხილითა და პატივით ეპყრობოდა იმპერატორი ანტონინუს პიუსი, რომელმაც ქართველი მეფე, თავისი ოჯახით, საგანგებოდ მიიწვია რომში. რამდენიმე დღის ღრეობა-ნადიმობის შემდგომ, ფარსმანმა და მისმა ქართულმა ამალამ რომაელებს აჩვენა ცხენოსნური ჯირითი. შთაბეჭდილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმპერატორის ბრძანებით, მარსის მოედანზე აღმართეს ცხენზე ამხედრებული, მოჯირითე ქართველი მეფის ქანდაკება.
იბერია-ქართლის მეფენი
ფარსმან II ქველი-ს ქანდაკება იტალიაში
ანტონიუს პიუსმა სცნო ფარსმან ქველის სამეფოს საზღვრები: ტრაპეზუნდ-ლაზეთის ხაზიდან მტკვრის ქვემო წელამდე და კავკასიონიდან არაქსამდე. პართიელთა მეფე ვოლოგეზ III ვერ ურიგდებოდა ქართლის ესოდენ გამძლავრებას. ამიტომ იგი ეხმარებოდა ფარსმანის მოწინააღმდეგეებს მცხეთის სასახლის კარზე. ასეთი მომტერე ჰყავდა ფარსმანს მისი ბიძაშვილი მირდატი. ვოლოგეზმა მირდატს რამდენჯერმე მისცა ჯარი ფარსმანის დასამხობად, მაგრამ ფარსმანმა ყველა ბრძოლა მოიგო. ბოლოს, მოღალატეებმა ფარსმანის მოწამვლა და მოკვლა მოახერხეს.

No comments:

Post a Comment