ფარნავაზი - პირველი დიდი ქართველი ხელმწიფე, საქართველოს პირველი გამაერთიანებელი ქრისტეს წინარე IV-III საუკუნეთა მიჯნაზე. იყო მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმისწული (მამის სახელი უცნობია), ფარნავაზი სამი წლისა იქნებოდა როცა პონტოდან ("საბერძნეთიდან") ძლიერი ლაშქრით მოვიდა აზონი (ალბათ, პონტოელი ქართველი. მიიჩნევდნენ ალექსანდრე მაკედონელის სარდლად), რომელმაც მოჯკლა სამარაც და მისი ძმაც (ფარნავაზის მამა) და თვითონ დაიდგა სამეფო ტახტი მცხეთაში. ყრმა ფარნავაზი დედამ მთაში გახიზნა და იქ გაზარდა. ვაჟკაცობაში ფეხშედგმული ფარნავაზი, დედასთან ერთად, მცხეთაში დაბრუნდა და შეუდგა საიდუმლო სამზადისს აზონის ძალაუფლების დასამხობად. მან კავშირი შეკრა დასავლეთ საქართველოს, ეგრისის მთავარ ქუჯისთან და შეერთებული ძალებით, დაამხეს აზონის ბატონობა. თვითონ აზონი ბრძოლაში დაიღუპა. მცხეთაში მეფედ დაჯდა ფარნავაზი. აქედან იწყება ფარნავაზიანთა დინასტიის ისტორია. გამეფებისთანავე ფარნავაზი შეუდგა დიდ რეფორმატორულ და აღმშენებლობით საქმიანობას. გააერთიანა სრულიად საქართველო და დაჰყო იგი საერისთავოებად, სათავეში - ერისთავებით. სულ იყო რვა საერისთავო
- არაგვეთი
- კახეთი
- ხუნანი
- სამშვილდე
- წუნდა
- ოძრხე
- კლარჯეთი
- ეგრისი
ხელახლა ააშენა, ახალი კედელ-გალავნებით და ციხე-კოშკებით გაამაგრა, განამტკიცა მცხეთა და მისი აკროპოლისი არმაზ-ციხე, იქვე აღმართა სალოცავი კერპი არმაზი. აღადგინა და ააშენა ყველა სხვა ციხე-სიმაგრე, რომელიც მანამდე დაენგრია მტრის შემოსევას, თუ სტიქიურ უბედურებას. დასავლეთ საქართველოში ააშენა ახალი ციხე-სიმაგრენი - შორაპანი და დიმნა (დიმი). მისმა თანამებრძოლმა, ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ ააშენა ქალაქი ციხე-გოჯი. ფარნავაზის სახელთან დაკავშირებულია უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმა - ქართული დამწერლობისა და მწიგნობრობის დაფუძნება ("ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული"), გამეფდა 27 წლისა, იმეფა და იღვაწა 65 წელიწადი, აღესრულა 92 წლისა. დაკრძალეს არმაზს.

No comments:
Post a Comment