Saturday, July 12, 2014

ქართლის გამგებლები: ლუარსაბ გიორგის ძე

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

ლუარსაბ გიორგის ძემ (შემდეგ ლუარსაბ მეორედ წოდებული) 1606 წელს თავისი გარდაცვლილი მამის ადგილი დაიკავა, ხოლო 1609 წელს შაჰ აბასმა ოფიციალურად დაამტკიცა ქართლის მეფედ. მალე მას ბრძოლა მოუხდა თათართა ბრბოების წინააღმდეგ და მრავალი მოთარეშე გაუწყვიტა მათ, რომლებიც განუწყვეტლივ ესხმოდნენ თავს საქართველოს. გამარჯვებულმა ლუარსაბმა დაატყვევა თათართა მეთაურები ჯილა ფაშა და ფარჰად ფაშა, რომლებიც მჭდროდ იყვნენ დაკავშირებული ოსმალეთს სულთანთან. თათართა ბანდების განადგურების შემდეგ მათი მეთაურები ლუარსაბმა შაჰ აბას I-ს გაუგზავნა (11, გვ. 786).

1610 წელს შაჰ აბას I-ის მიწვევით ლუარსაბი თავის დედასთან ერთად შაჰის კარზე გაემგზავრა. ისფაჰანის გზაზე მათ პატივისცემით ეგებებოდნენ ადგილობრივი მმართველები (აზერბაიჯანის ვალი და სხვა). შაჰმა პირადად მიიღო დედა-შვილი და დიდი პატივი სცა. ისინი შაჰთან ექვსი თვე დარჩნენ, და ამ ხნის მანძლზე ყოველთვის თან ახლდნენ ხოლმე შაჰს ნადირობისა და დასვენების დროს. ლუარსაბი და დედამისი სამშობლოში დაბრუნდნენ მას შემდეგ როცა შეიტყვეს დიდვეზირ მურად ფაშას მეთაურობით ოსმალეთის ჯარის აზერბაიჯანზე თავდასხმისა და საქართველოსაკენ დაძვრის ამბავი.

1612 წელს ლუარსაბმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. მან გაანადგურა ყაზაყლარის ტომი, რომელიც (ისევე როგორც თათრები) სისტემატურად ესხმოდა თავს ქართლის რაიონებს, ძარცვავდა ქვეყანას, ასრულებდა ოსმალეთის სულთნის მითითებებს, ატყვევებდა და ჟლეტდა მშვიდობიან მოსახლეობას. ეს ის ყაზაყლარის ტომია, რომლის მეთაურმა ნაზარ სულთანმა დაატყვევა და ოსმალთა ჯარებს გადასცა ქართლის მეფე სიმონი (II, გვ. 856).

ლუარსაბი დაუღალავად ებრძოდა ყიზილბაშებსაც, მან 1613 წელს კახეთის მეფე თეიმურაზთან ერთად შექმნა საერთო ფრონტი შაჰ აბასის წინააღმდეგ, რომელიც კვლავ აპირებდა საქართველოზე თავდასხმას, მაგრამ ვინაიდან შესაძლებლობა არ ქონდათ ყიზილბაშთა მრავალრიცხოვანი ურდოების წინააღმდეგ ებრძოლათ, ისინი იძლებულნი იყვნენ უკან დაეხიათ და იმერეთის მეფე გიორგისთან წასულიყვნენ. 1614 წელს შაჰმა შეძლო დაეტყვევებინა ლუარსაბ II, რომელიც იმერეთს მეფესთან (გიორგისთან) იყო თავშეფარებული, ირანში წაიყვანა იგი (2, გვ. 296) და აუკრძალა ქართლში დაბრუნება.


1616 წელს შაჰ აბასის საქართველოზე ლაშქრობის წინ ის ასთარაბადში გაიგზავნა, სადაც უნდა დარჩენილიყო შაჰის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე (11, გვ. 897). 1622 წელს ლუარსაბი შაჰის ბრძანებით მოკლეს.

No comments:

Post a Comment