Monday, July 7, 2014

კახეთის გამგებლები: ლევან გიორგის ძე (1520 – 1574 წწ.)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

კახეთის გამგებლები:

ლევან გიორგის ძე (1520 – 1574 წწ.) შაჰ თამაზმა ოფიციალურად დანიშნა კახეთის მეფედ საქართველოში მეორე ლაშქრობის პერიოდში (1546 წ). ისტორიკოსების გადმოცემით შაჰი დიდ პატივს სცემდა მას.

ჯერ კიდევ ლევანის ბავშვობის დროს მოკლეს მისი მამა, ქართლის მეფე დავითი. ლევანი თვითონ კახეთის თავადებმა დამალეს. კახელებმა, რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს დავითის წინააღმდეგ, ლევანი თავის მეფედ გამოაცხადეს. ლევანის საშინაო პოლიტიკა ქვეყნის გაერთიანებას ისახავდა მიზნად, ხოლო საგარეო პოლიტიკაში მას სურდა შეექმნა პირობები ოსმალო და ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლისათვის. ამ მიზნით მან კავშირი დაამყარა რუსეთის მეფე ივანე მეოთხესთან (1564 წ.), რომელიც მფარველობას შეჰპირდა , მას. (2, გვ. 284 – 285).

1555 წელს ლევანმა გაილაშქრა შაქის მმართველ ჰასან ბეგის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში შაქის ჯარმა სასტიკი დამარცხება განიცადა, ხოლო ჰასან ბეგი მოკლულ იქნა. ქალაქი შაქი კახეთის მეფემ აიღო (11, გვ. 82). 1560 წელს სეფიანთა შაჰის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მან ახალი ურთერთობა დაამყარა ქართლის მეფე სიმონთან, მასთან თავისი შვილი გიორგი გაგზავნა. მაგრამ გიორგი ყიზილბაშებთან ბრძოლაში დაიღპა. ლევანი ტახტზე მისმა შვილმა ალექსანდრემ შეცვალა.

No comments:

Post a Comment