Monday, June 30, 2014

I. საქართველო-ირანის ურთიერთობათა მოკლე მიმოხილვა უძველესი დროიდან XVI საუკუნემდე

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


I.   საქართველო-ირანის ურთიერთობათა მოკლე მიმოხილვა უძველესი დროიდან XVI საუკუნემდე
საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობას უძველესი ისტორიული ფესვები აქვს, რასაც ნათლად მოწმობს მატერიალური კულტურის მრავალრიცხოვანი ძეგლები (არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები, ისტორიული წარწერები, ნუმიზმატიკური მასალები და სხვა).
ჩვენს ერამდე VI საუკუნეში აქემენიანთა პირველი ირანული სამეფოს (558-330 წწ. ჩვ. ერამდე) სახელმწიფო საზღვრები კავკასიის მთაგრეხილებამდე აღწევდა (1, გვ. 117-18 და მასზე დართული გეოგრაფიული რუკა).
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე VIII VII საუკუნეებში საქართველოსა და ირანის ტერიტორიაზე შექმნილი იყო ორი ძლიერი სახელმწიფო: აღმოსავლეთ-ქართული გაერთიანება (სასპერთა-ბერძნული წყაროების თანახმად), რომელიც მდებარეობდა კოლხეთისა და კავკასიის სამხრეთ რაიონებს შორის, და მიდიის სამეფო, რომელიც ირანის ჩრდილო აღმოსავლეთით იყო. VII საუკუნის II ნახევარში ორივე სახელმწიფომ გააფართოვა თავისი ტერიტორიები. მათ დაამარცხეს ურარტუს სახელმწიფო და ერთმანეთის მეზობლად აღოჩნდნენ. არსებული მონაცემების შესაბამისად, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, ხელისუფლების სათავეში აქემენიანთა მოსვლამდე, საქარტველოსა და ირანის ცალკეულ რაიონებს შორის კავშირი იყო დამყარებული.
V საუკუნეში ჩვ. ერამდე საქართველოს ზოგიერთი რაიონი (შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო) აქემენიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა (2, გვ. 43).
ჩვ. ერამდე III საუკუნის შუახანებში სელევკიანთა მეფე ანტიოქ I-ის (280-261 წწ.) დახმარებით ქართლის მეფე ფარნაოზმა ქვეყნიდან განდევნა ბერძენთა ჯარები, რომლებსაც აღმოსავლეთი და სამხრეთი საქართველო ეკავათ. ეს კი, საქართევლოს ტერიტორიის განთავისუფლებასთან ერთად, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთერთობის დამყარებასაც უწყობდა ხელს. სავაჭრო ურთერთობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხორციელდებოდა ირანის მეშვეობით (3, გვ. 54).
საქართველოსა და ირანს შორის ურთერთობა გაფართოვდა ჩვენი წ.ა. III საუკუნის შუახანებიდან. სასანიანთა ოთხასწლოვანი მეფობის მანძილზე ქართველო ხალხი შეუპოვარ განმათავისუფლებელ ბრძოლას ეწეოდა თავისი ქვეყნის დამპყრობთა წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოში არაერთგზის შემოჭრილან სასანიანთა შაჰები (შაბურ I – 260 წელს ხოსროვ I – 557 წელს და სხვა). ამ პერიოდში გაიზარდა ქართველ მოღვაწეთა როლი ირანში. სასანიანთა ეპოქაში ურთიერთობა ამ ორ სახელმწიფოს შორის, ისევე, როგორც წინარე ხანაში, გარკვეულ წილად დამოკიდებული იყო ირანის სამხედრო-ადმინისტრაციულ მდგომარეობაზე. ირანსა და რომის იმპერიას შორის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ამ ორი სახელმწიფოს ბრძოლა თავიანთი გავლენის სფეროების გაფართოებისათვის, პერიოდულ ცვლილებებს იწვევდა კავკასიის ქვეყნებთან მათს დამოკიდებულებაში.
სასანიანთა დინასტიის დამაარსებლის არდაშირ პაპაქანის შვილმა შაბურ I-მა მას შემდეგ (260 წ.), რაც რომის იმპერატორი ვალერიანე დაამარცხა, საქართველოს (ქართლის) ნაწილი დაიპყრო. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, შაბურ I-მა იქ გაგზავნა თავისი შვილი მეჰრანი, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა და საქართველოში „ხოსროვანთა“ დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (I, გვ. 284, და 3, გვ. 54). შაბურის მემკვიდრემ ვერ შეინარჩუნა მის მიერ დაპყრობილი ტერიტორია. რომის იმპერატორ დიოკლეტიანესა და სასანიან შაჰ ნერსეს შორის 298 წელს დადებული ნისიბინის ხელშეკრულების თანახმად, იბერია რომის იმპერიის გავლენის სფეროში მოექცა. მაგრამ ეს ხელშეკრულება შემდეგში არაერთხელ შეიცვალა და 363 წელს დადებული ნისიბინის ახალი ხელშეკრულებით ირანმა კვლავ შემოიერთა იბერია.
ირანსა და რომს შორის ურთიერთობა (განსაკურთრებით აღმოსავლეთში) ქრისტიანობის გავრცელებისა და კავკასიიის ხალხების მიერ მისი ოფიციალურ რელიგიად მიღების შემდეგ გამწვავდა. დიდმა სახელმწიფოებმა რელიგია ახალი ომების გაჩაღებისა და თავიანთი ტერიტორიების გაფართოების საბაბად გამოიყენეს. ამას უნდა დაემატოს 330 წელს აღმოსავლეთ რომის, ანუ ბისანტიის იმპერიის წარმოქმნა და იქ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
376 წელს, ხანგრძლივი ომების შემდეგ, შაბურ II და რომის იმპერატორი ვალენტინიანე შეთანხმდნენ, რომ აღარ ჩარეულიყვნენ კავკასიის ხალხების საშინაო საქმეებში (1, გვ. 304). მაგრამ მომდევნო წლებში მათ დაარღვიეს ეს შეთანხმება და არაერთხელ შეიჭრნენ კავკასიის ქვეყნებში. 387 წელს დადებული საზავო ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო: დასავლეთ საქართველო ბიზანტიის იმპერიის გავლენის სფეროში შევიდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოზე (ქართლი) ირანის გავლენა გავრცელდა. ამასთან ერთად, ორივე მხარემ ვალდებულება იკისრა შეენარჩუნებინათ ამ ქვეყნების ავტონომია, მიეცათ მათთვის სახელმწიფო რელიგიური პრივილეგიები.
V საუკუნეში სასანიანთა შაჰები - ბაჰრამ გური (421 – 438 წწ.) იაზდიგერდ II (438 – 457 წწ.) და ფირუზი (459 – 484 წწ.) ცდილობდნენ შეეზღუდათ კავკასიის ხალხების ავტონომია. ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ისინი ადგილობრივ მმართველობას ავიწროვებდნენ, იქ თავიანთ ვასალებს ნიშნავდნენ, რითაც ცდილობდნენ, თავიანთი ნებასურვილისათვის დაემორჩილებინათ ადგილობრივი მმართველები და მძიმე ხარკის გადახდა დაეკისრებინათ მათთვის.
სასანიანთა შაჰების მკაცრი ზომები ამხედრებდა კავკასიის ხალხებს მოძალადეთა წინააღმდეგ. V საუკუნის II ნახევარში დიდმა სახალხო მოძრაობამ იფეთქა საქართველოსა და სომხეთში. ირანის ჯარებმა ჩააქრეს პირველი აჯანყებები, მაგრამ გამოსვლები არ წყდებოდა. კავკასიის ხალხების ბრძოლამ განსაკუთრებით მძაფრი ხასიათი მიიღო 80-იან წლებში. ამ ბრძოლას სათავეში ედგნენ საქართველოს (ქართლის) მეფე ვახტანგ გორგასალი და სომეხი მხედართმთავარი ვარდან მამიკონიანი.
ჯერ კდიევ 446 წელს, ვახტანგი ერთხანს სასანიანთა შაჰ ფირუზთან იმყოფებოდა. მან მონაწილეობა მიიღო შაჰის მიერ ჩრდილოეთში მოწყობილ ლაშქრობაში. მაგრამ მალე ვახტანგ გორგასალი ქართლში გაეშურა თავის სამშობლოს დასაცავად და აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. თუმცა ქართველ-სომეხთა მხედართმთავრებს შორის უთანხმოების გამო ირანის ჯარებმა აჯანყება ჩააქრეს, ამ აჯანყებას უკვალოდ არ ჩაუვლია: ირანის შაჰი ბალაში (484 – 488 წწ.) იძულებული იყო ზოგიერთი პრივილეგია მიეცა კავკასიის ხალხებისათვის, კერძოდ, ქრისტიანობა მან ოფიციალურ რელიგიად აღიარა (I, გვ. 319). უკვე VI საუკუნის დამდეგს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი განთავისუფლდა სასანიანთა ჯარებისაგან. ამ საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში დასავლეთ საქართველოს (ეგრისი, ლაზიკა) სამეფოში მოსახლეობა აჯანყდა მეფე წათეს მეთაურობით, სასანიანთა შაჰის ყობად I-ის წინააღმდეგ. 526 წელს სასანელთა ჯარებმა ლაზიკა, ხოლო შემდეგ იბერიაც დაიკავეს, მაგრამ შემდეგში ისინი ბიზანტიელებმა დაამარცხეს და სასანელთა სახელმწიფო იძლებული გახდა 532 წე;ს ზავო დაედო იმპერატორ იუსტინიანესთან. ამ ზავის პირობების თანახმად ლაზიკამ თავისი ადრინდელი მდგომარეობა შეინარჩუნა (I, გვ. 329).
სასანიანთა მდგომარეობა კვლავ განმტკიცდა ხოსროვ I ანუშირვანის დროს (531 – 579 წწ.). ანუშირვანი ცდილობდა კონტროლი დაეწესებინა ამიერკავკასიის მნიშვნელოვან სავაჭრო და სტრატეგიულ გზებზე. ამ მიზნით VI საუკუნის 40-იანი წლებიდან იგი შავი ზღვის სანაპიროს, კერძოდ, ეგრისის რაიონების დაპყრობას შეუდგა, მაგრამ ხოსროვ I ანუშირვანის წინააღმდეგ აჯანყდნენ ეგრისელები გუბაზ მეფის მეთაურობით. გუბაზ მეფემ ბიზანტიის ჯარების დახმარებით ორჯერ (549 და 551 წწ.) დაამარცხა ირანელთა გარნიზონი, რომელსაც პეტრას ციხე ეკავა (2, გვ. 195).
ირანელ და რომაელ ჯარებს შორის ომი, რომელიც დასავლეთ საქართველოს დაპყრობას ისახავდა მიზნად, 17 წელიწადს (540 – 557 წწ.) გაგრძელდა, ბოლოს, გაჭიანურებული ომით მოღლილი ორივე მხარე შეთანხმდა ხუთი წლის ვადით (557 – 562 წწ.) დაედოთ საზავო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ირანი ვალდებულებას კისრულობდა ჯარებიგაეყვანა ლაზიკიდან და არ ჩარეულიყო ირანის ფარგლებში მცხოვრებ ქრისტიანთა საქმეებში.
თავისი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, ანუშირვანი სამხედრო-ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებდა. ამ რეფორმების საფუძველზე ირანის ტერიტორია ოთხ ქუსტაქად (მხარედ) დაიყო. იბერია, სომხეთთან და ალბანეთთან ერთად, ჩრდილოეთ ქოსტაქის შემადგენლობაში შედიოდა. მაგრამ ხოსროვის რეფორმები დიდხანს არ გაგრძელებულა. მდგომარეობა რამდენჯერმე შეიცვალა ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის შედეგად ანუშირვანის მემკვიდრეების, სასანელთა უკანასკნელი შაჰების - ჰორმუზ IV-ის, ხოსროვ II-ის, არდაშირ III-ის, იაზდიგერდ III-ის მმართველობის წლებში, როცა მათ ბიზანტიასთან ომებში მარცხი განიცადეს.
589 წელს ჰორმუზ IV-მ თავისი ჯარი ბაჰრამის მეთაურობით საქართველოში (ლაზიკა) გაგზავნა, მაგრამ ჯარი დამარცხდა და ირანში დაბრუნდა.
591 წელს ჰორმუზის მემკვიდრე ხოსროვ II ფარვიზი (590 – 628 წწ.) ბიზანტიის იმპერატორმა დაამარცხა და იგი იძულებული გახდა კავკასიის ოლქები, მათ შორის ქართლის ნაწილი, დაეთმო. 626 წელს იმპერატორმა ჰერაკლემ დაამარცხა ხოსროვ II და თბილისი დაიპყრო. ირანის შაჰები ზედიზედ მარცხდებოდნენ სასანიანთა დინასტიის დასასრულამდე (იაზდიგერდ III) და არაბთა სახალიფოს მიერ ირანის დაპყრობამდე (642 წ.).
საქართველოსა და ირანს შორის უძველესი დროიდან არსებული მრავალსაუკუნოვანი კავშირურთიერთობა, უარყოფით სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებთან ერთად, ხელს უწყობდა ორ ხალხს შორის სულიერი და კულტურული ურთიერთობის განვითარებას. ამას მოწმობს ირანსა და საქართველოში სოციალური და იდეოლოგიური მიმართულებების, მათ შორის მანიქეველობის, მაზდაკიანობის და აგრეთვე ცალკეული ლიტერატურულ-ენობრივი ელემენტების გავრცელება.
ზოროასტრიზმი, რომელიც სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენდა, მუდმივი მხარდაჭერით სარგებლობდა ირანის მმართველი წრეებისა და თვით შაჰების მხრივ. „ზოროასტრულ ტაძრებს ეკუთვნოდა ვრცელი მიწები და სხვა მატერიალური რესურსები, რომლებიც წარმოადგენდნენ სახელმწიფოს ძირითად ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალას“ (9, გვ. 110). ზოროასტრიზმმა გზა გაიკაფა სხვა ქვეყნებში, ძირითადად, მოსახლეობის მაღალი ფენების და, უწინარეს ყოვლისა, სასანელთა მიერ დანიშნული მმართველების შემწეობით. ამ რელიგიის იძულებით გავრცელება ბევრ უსიამოვნებას აყენებდა სხვა ხალხებს, აღვივებდა უთანხმოებას და ომებს. ქართველი ხალხისათვის ზოროასტრიზმის ძალდატანებითი თავზე მოხვევის სავალალო შედეგები მკვეთრად არის ასახული იაკობ ხუცესის V საუკუნის ძეგლში „შუშანიკის წამება“, სადაც ავტორი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა რომელმაც ზოროასტრული სარწმუნოება მიიღო, სცადა, რომ თავისი ცოლი შუშანიკიც ცეცხლთაყვანისმცემელი გამხდარიყო. შუშანიკმა დიდი წამება გადაიტანა, მაგრამ ქმრის მოთხოვნას მაინც არ დაჰყვა.
მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ზოროასტრიზმი გავრცელდა კავკასიის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც. „ქართლში, განსაკუთრებით სასანიანთა ბატონობის ეპოქაში, - აღნიშნავდნენ ქართველი ისტორიკოსები, - რამდენადმე გაძლიერდა ცეცხლის კულტი“ (2, გვ. 84). გავრცელდა ზოროასტრიზმის მოძღვრებაც კეთილის ბოროტთან, სინათლის სიბნელესთან მარადიული ბრძოლის შესახებ, რაც ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მიზანმიმართულებად ითვლებოდა.
სასანიანთა ეპოქაში წარმოიშვა მანიქეველთა (III ს.) და მაზდაკიანთა (V – VI სს.) პროგრესული მიმდინარეობებიც. ეს მიმდინარეობები წარმოადგენდა საშუალო ფენებისა და საზოგადოების ოპოზიციური ჯგუფების იდეურ ძალას, რაც აიარაღებდა ხალხის მასებს მჩაგვრელთა და სასახლის წარჩილებულთა წინააღმდეგ, აგრეთვე ზოროასტრელ მოგვებთან (ქურუმებთან) საბრძოლველად. ეს უკანასკნელი ხომ სახელმწიფო ხელისუფლების დამცველები იყვნენ.
მანიქეველობა არსებული წყობილების წინააღმდეგ გამოდიოდა. იგი აერთიანებდა სხვადასხვა იდეოლოგიის (ბუდიზმის, ზოროასტრიზმის, ქრისტიანობის და სხვა) ელემენტებს და ძალიან სწრაფად იკაფავდა გზას ირანსა და სხვა ქვეყნებში. „მანიქეველობა, - აღნიშნავენ საბჭოთა ირანისტები, - მოკლე დროში ფართოდ გავრცელდა არა მარტო მესოპოტამიასა და ირანში, არამ ჩრდილოეთ აფრიკამდე და ესპანეთამდე), შუა აზიაში და შემდეგ უიღურებს შორისაც“ (9, გვ. III). იგულისხმება, რომ მან გავლენა მოახდინა კავკასიის ქვეყნებზეც.
დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაზდაკური მიმდინარეობა. ეს მოძღვრება, რომელიც სწრაფად გავრცელდა მოსახლეობის დაბალ ფენებში, მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლის მძლავრ იარაღად იქცა, მან შეარყია არსებული საზოგადოებრივი წყობილების საფუძვლები და ფეოდალებისა და არისტოკრატიის კერძო საკუთრების უფლება. მაზდაკიანობას დროებით მიემხრო სასანიანთა შაჰი ყობადიც.
ისევე როგორც მანიქეველობა, მაზდაკიზმის იდეური მიმდინარეობაც შაჰის და სასახლის წარჩნებულთა ხელისუფლების მიერ მთავარ საფრთხედ იყო მიჩნეული. მათ წინააღმდეგ იყო დარაზმული სახელმწიფოს მთელი ძალები; საბოლოოდ ისინი გაანადგურეს სასანიანთა შაჰებმა ბაჰრამ I-მა და ხოსროვ I-მა. მანი და მაზდაკი სიკვდილით დასაჯეს.
ძველი დროიდან ირანსა და საქართველოში გავრცელდა ზოგიერთ ლიტერატურულ-ენობრივი ელემენტი, რომელსაც მომდევნო ეპოქებშიც ვხვდებით. ამ მხრივ დამახასიათებელია ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გამოყენება რიგი სიტყვებისა, ტერმინებისა და საკუთარი სახელებისა, რომლებიც ნახსენებია ზოროასტრული ავესტის ძველი კანონიკური ტექსტიდან - იაშთიდან. მათ რიცხვში შეიძლება დავასახელოთ საკუთარი სახელები: ჯამშიდი (ახალ სპარ. - ჯამშიდ, ავესტ. იიმა, განყ. 8, იაშთი 8); ფერიდონი (ახალ სპარ. ფერეიდუნ, ავესტ. თრაეტონა, განყ. 131, იაშთი 17); მანუჩარი (ახალ სპარ. მანუჩეჰრი, ავესტ. მანუჩთრა, განყ. 131, იაშთი 13), თეიმურაზი (ახალ სპარ. თაჰმურას, ავესტ. თაჰმარუფი, განყ. 29, იაშთი 15); მერდად - მიჰრდადი (ახალ სპარ. მეჰრდადი, ავესტ. მითრა, იაშთი 15) და სხვა (4. გვ. 4 – 12). აქ შედის აგრეთვე სოციალურ-ადმინისტრაციული და სამხედრო ტერმინები: აზნაური (თავისუფალი, ხელოვანი), სპასპეტი (მხედართმთავარი), დარბაზი (საბჭო) და გვიანდელი სეფაჰსალარი, ამილახორი, ამირბარი და სხვა.
მაგალითისათვის შეიძლება კიდევ დაგვესახელებინა ტერმინი - ტიტული „პიტიახში“ (ადგილობრივი ქართველოი მმართველი და ირანის შაჰთან დაახლოებული დიდებული), რაც დიდხანს გამოიყენებოდა ირანსა და საქართველოში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს ტერმინი „საქართველოში შეიჭრა ირანიდან ჯერ კიდევ აქემენიანთა ეპოქაში“ (5, გ. 10 და 6, გვ. 163), მაგრამ მას იყენებდნენ მომდევნო ეპოქებშიც. გ. წერეთლის დადასტურებით I – III საუკუნეებში იბერიაში იყვნენ ადგილობრივი იბერიელი პიტიახშები (7). მაგალითად, I საუკუნის არმაზის წარწერაში მოიპოვება ცნობა მიჰრდად-შარაგა მეფისა და სხვა პიტიახშების შესახებ. არმაზის საფლავის ქვაზე გამოსახულია (II საუკ.) პიტიახში ზევახი, მისი მეუღლე ასპავრუკი და სხვები (2, გვ. 6 – 78).
ირანის სახელმწიფოში იბერიელი პიტიახშების ადგილისა და თანამდებობის თაობაზე ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ „ჩვენი წ. აღ. I – III საუკუნეების პიტიახშები წარმოადგენდნენ დიდი თანამდებობის პირებს იბერიაში, ხოლო მომდევნო საუკუნეების პიტიახშები ჩვენ წარმოგვიდგებიან, როგორც სასანიანთა ირანის მოხელენი, ქართლში მისი სახელმწიფო აპარატის აგენტებად“ (5, გვ. 11 და 8, გვ. 298).
სასანიანთა ეპოქაში ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს რომ დიდი ადგილი ეკავათ, ამას მოწმობს 262 წლით დათარიღებული შაბურ I-ის სამენოვანი წარწერა (ნაყშე როსთამის კლდეზე პერსოპოლისის ახლოს), რომელიც მან რომის იმპერატორ ვალერიანეზე გამარჯვებას მიუძღვნა. ამ წარწერაში ჩამოთვლილ 66 დიდებულთა შორის იბერიის მეფე ამაზისი შაჰინშაჰის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მოხსენიებული (საშუალო სპარსული ტექსტი, 30-31 სტრიქონი, პართული 24-25, ბერძნული 59-60) (5, გვ. 4). ირანში ქართველი პიტიახშების დიდი ავტორიტეტის დამადასტურებელ მაგალითად გამოდგება იაზდიგერდ II-ის (438 – 457 წწ.) ურთიერთობა ქართლის პიტიახშ არშუშასთან, რომელიც „შაჰს ჰყავდა მიწვეული დედაქალაქში, რათა მასთან ერთად განეხილა ქართლის საქმეები. არშუშა სარგებლობდა მეცნიერისა და გამოცდილი მრჩევლის რეპუტაციით... არშუშას გავლენიან სახელს შეეძლო მეფისათვის უზრუნველეყო ქართლის ბევრი სახელმწიფო მოღვაწის ერთგულება. შაჰინშაჰი ღირსეულად აფასებდა პიტიახშის მხარდაჭერას“ (2, გვ. 92).
ირანსა და საქართველოს შორის ურთერთობა ვითარდებოდა შუა საუკუნეებშიც მას შემდეგ, რაც ირანი არაბებმა დაიპყრეს. ეს განსაკუთრებით იმ დროს ეხება, როცა ორივე ხალხი ერთ ბედქვეშ აღმოჩნდა, - მათ განიცადეს უცხოელ დამპყრობთა შემოსევები: არაბებისა (VII – IX საუკუნეებში), თურქებისა და მონღოლებისა.
ირანელი ისტორიკოსები და მოგზაურები: ჰამდოლაჰ მუსტოუფი, ნიზამ ოდ-დინ შამი, მოინ ოდ-დინ ნათანზი, ხონდე-მირი და სხვები (XIV – XVI სს.) თავიანთ თხზულებებში („ნეზჰათ ოლ-ყოლუბი“, „ზაფარ ნამე“, „მონთახაბ ოთ-თავარიხ“, „ჰაბიბ-ოს სიიარ“) იხსენიებენ უცხო დამპყრობლების საქართველოზე არაერთგზის თავდასხმებს და მისი სიმდიდრეების უმოწყალო ძარცვას, ქართველი ხალხის მიერ განცდილ უბედურებებს, სწრაფვას თავისი სამშობლოს გამოსახსნელად.

ამასთან ერთად, შუა საუკუნეებში საქართველოსა და ირანს შორის ვითარდებოდა კულტურული ურთიერთობებიც. საქართველოში საკუთარ უძველეს თვითმყოფად კულტურასთან ერთად ვრცელდებოდა აღმოსავლური კულტურაც. საქართველოს „შესაძლებლობა ჰქონდა შეეთვისებინა, - აღნიშნავენ ქართველი ისტორიკოსები, - როგორც დასავლური, ქრისტიანული კულტურა, ასევე ახალი, უაღრესად თავისებური და მრავალმხრივი არაბულ-სპარსული კულტურა...“ (2, გვ. 215). ვითარდება ლიტერატურული ურთერთობა ორ ხალხს შორის, ითარგმნება სპარსული ლიტერატურის კლასიკოსები: ფირდოუსი (ნაწყვეტები „შაჰნამედან“) ფახრ-უდინ-გორგანელი („ვისრამიანის“ სრული ტექსტი), ონსორი და სხვა...

No comments:

Post a Comment